სერგო რატიანი - ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფაა
სერგო რატიანი - ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფაა

ირაკლი შოთაძე პირადად იყო პასუხისმგებელი იმ აბსურდულ დანაშაულებრივ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე პროკურატურამ შეიმუშავა, როცა პროკურორები ხელს აფარებდნენ მკვლელებს ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომლითაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

რატიანის თქმით, საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ პროკურორები ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს და ამ ფონზე ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება, საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფაა.

„შოთაძე პირადად იყო პასუხისმგებელი იმ აბსურდულ დანაშაულებრივ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურამ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე შეიმუშავა, როდესაც პროკურორები პირდაპირ ხელს აფარებდნენ მკვლელებს. ამასთან დაკავშირებით იყო შეშფოთება საზოგადოების მხრიდან და მაშინ ბიძინა ივანიშვილს მოუწია, გადაეყენებინა შოთაძე.

საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ პროკურორები ხელს აფარებდნენ პირდაპირ მკვლელებს, ასევე გამოავლინა მკვლელობაში მონაწილე პირი. ამის შემდეგ შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში არის პირველ რიგში საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფა, რომელსაც აყენებს მმართველი პარტია და პირადად ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მიუთუთებს კიდევ ერთ ფაქტორზე, რომ შეზღუდულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ივანიშვილისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ყველა დავალებას შეასრულებენ და ივანიშვილს სრულიად ოდიოზური, შერცხვენილი ფიგურების დაბრუნება უწევს“ ,- განაცხადა სერგო რატიანმა.

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს უწურება.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის თანახმად, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.