სერგო რატიანი - ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს პოზიცია, მაგრამ მოწოდება ცენზურისკენ, აზიანებს არა მხოლოდ საჯარო სივრცეს, არამედ ეკლესიასაც
სერგო რატიანი - ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს პოზიცია, მაგრამ მოწოდება ცენზურისკენ, აზიანებს არა მხოლოდ საჯარო სივრცეს, არამედ ეკლესიასაც

ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს თავის პოზიცია ნებისმიერ საკითხზე და უცნაური იქნებოდა, მას რომ ჰქონოდა განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მოწოდება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, ცენზურისკენ ეს აზიანებს არა მხოლოდ საჯარო სივრცეს და დემოკრატიას, არამედ ეკლესიასაც, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„უნდა გავიხსენოთ, სახელმწიფოში, სადაც არსებობდა ცენზურა, რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი, ორივე შემთხვევაში ეკლესია იყო დაქვემდებარებული და თუ ცენზურა ეხებოდა ვაჟა ფშაველას, ილიას, აკაკი წერეთელს, ახმეტელს ან ტიციან ტაბიძეს, იქ რასაკვირველია დევნიდნენ ეკლესიასაც. ამიტომ თუ ჩვენ მივდივართ სახელმწიფოსკენ, სადაც არსებობს ცენზურა, იქ პრობლემა აქვს ყველას”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, უნდა იყოს მედიისა და სიტყვის თავისუფლება.

„სოლიდარობას ვუცხადებ „რუსთავი 2“-ს და გიორგი გაბუნიას. ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ გარკვეულ სინქრონიზაციას, ხელისუფლება სულ ერთი კვირის წინ სწორედ ცენზურაზე მსჯელობდა, უმრავლესობაში არის ეს კანონი და გარკვეულწილად ეს წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადებას”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.

საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.

„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.