სერგო რატიანი - დღეს ივანიშვილმა ფაქტობრივად იმოქმედა ისე, როგორც აბაშიძემ, როდესაც ხიდები ჩატეხა
სერგო რატიანი - დღეს ივანიშვილმა ფაქტობრივად იმოქმედა ისე, როგორც აბაშიძემ, როდესაც ხიდები ჩატეხა

დღეს ივანიშვილმა ფაქტობრივად, იმოქმედა ისე, როგორც აბაშიძემ, როდესაც ხიდები ჩატეხა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„მოლაპარაკების მაგიდიდან ჩვენ კი არ ავდექით, დღეს ადგა მთელი პოლიტიკური სპექტრი. ისე კი არ არის, როგორც ადრე იყო, რომ კონკრეტული პარტიის ლიდერი დააკავეს, არა, დღეს ყველასთვის ეს იყო გამოწვევა. დღეს ივანიშვილმა ფაქტობრივად, იმოქმედა ისე, როგორც აბაშიძემ, როდესაც ხიდები ჩატეხა. ამიტომ, არანაირი „შუას გაკრეფა“ არ არის. აქ ლაპარაკია – „ყველა ერთის წინააღმდეგ“. ერთის, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ანგრევს. დღეს ივანიშვილი ანგრევს სახელმწიფოს“, – განაცხადა რატიანმა.

ამ განცხადებით სერგო რატიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მოლაპარაკების მაგიდიდან ადგომით დაასხა თუ არა „ევროპულმა საქართველომ“ წყალი ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე, რადგან „შუა იკრიფება“.

მისი თქმით, დღეს ორი პოლუსი აღარ არსებობს, მთელი ოპოზიციური სპექტრი აპირებს, მაჟორიტარები გადაინაწილოს და ბიძინა ივანიშვილს ასე მოუგოს.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იცის თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ის, რომ ოპოზიციური სპექტრი მას მეორე პოლუსად აღარ მიიჩნევს და თანახმაა თუ არა ამაზე, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ რასაკვირველია, იცის და ის ამაზე თანახმაა.

„ჩვენი მოლაპარაკება არის, რომ ან პროპორციული არჩევნებით ვცვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ზედმეტი ძალაუფლება არავის ექნება, ან თუ ივანიშვილი ამას არ აკეთებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა პარტიებთან ერთად, პრაქტიკულად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პროპორციულის ნაწილში ხმები პროპორციულად გადანაწილდება, ხოლო მაჟორიტარულში დავსხდებით და შევთანხმდებით მაჟორიტარებზე. ყველა შემთხვევაში, ვინც იგებს, ის ჭარბ უმრავლესობაში არ იქნება. ამაზე „ნაციონალური მოძრაობაც“ ასე ვთქვათ, მოდის; გარკვეულწილად, ისიც თმობს გარკვეულ ადგილებს მაჟორიტარებში. დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი აპირებს, მაჟორიტარები გადაინაწილოს და ბიძინა ივანიშვილს ასე მოუგოს“, – განაცხადა რატიანმა.

შეკითხვაზე, რას აპირებს ოპოზიცია ხვალ, რადგან უკვე აყირავებულია ელჩების მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკების მაგიდა, რომელსაც მათთან ერთად ელჩებიც უსხდნენ, რატიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მაგიდა ხელისუფლებამ დაანგრია.

აყირავებული რას ნიშნავს, აქამდე რამე პერსპექტივას ხედავდით? მაგიდა ჩვენ კი არ ავაყირავეთ, მათ დაანგრიეს მოლაპარაკების მაგიდა. ეს მაგიდა ივანიშვილმა დაამტვრია, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი დაიჭირა“, – განაცხადა რატიანმა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ოპოზიცია აპირებს შეთანხმებულ მოქმედებას, რომ გავიდნენ არჩევნებზე, რასაც მათ ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს, ხოლო არჩევნებამდე ძალიან სერიოზული აქციები იქნება.

დატოვე კომენტარი