სერგო რატიანი - დემოკრატიულობის ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც არის კრიზისი და „ქართულ ოცნებას“ დღეს სერიოზული კრიზისი აქვს
სერგო რატიანი - დემოკრატიულობის ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც არის კრიზისი და „ქართულ ოცნებას“ დღეს სერიოზული კრიზისი აქვს

მთავარი რის გამოც დამარცხდით, ეს იყო ის სიღატაკე, რომელიც მოიტანეთ თქვენ, მთავარი იყო კორუფცია, რომელიც დააბრუნეთ შევარდნაძის დროიდან, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრების გამოსვლებიდან ჩანს, რომ ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მარცხს, ვერ აცნობიერებენ, რატომ უთხრა ქართველმა ხალხმა უარი.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, გგონიათ, რომ „რუსთავი 2“ არის ის მიზეზი, რის გამოც დამარცხდით. მართლაც, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რადგან არსებობდა თავისუფალი სიტყვა, რომ ქართველმა ხალხმა დაიცვა ეს თავისუფალი სიტყვა და ის მოქმედებს. მთავარი რის გამოც დამარცხდით, ეს იყო ის სიღატაკე, რომელიც მოიტანეთ თქვენ, მთავარი იყო კორუფცია, დააბრუნეთ შევარდნაძის დროიდან. მთავარი არის ძალადობა, რომელიც თქვენ დააბრუნეთ. მთავარი იყო ის, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ სარალიძის შემთხვევაში თქვენ, თქვენი ჩინოვნიკები ხელს აფარებდნენ მკვლელებს. ეს დაინახა ქართველმა ხალხმა და სწორედ ამიტომ გითხრათ უარი. მთავარი არის ის, რომ ხალხმა გააცნობიერა რა ნაციონალური საშიშროება ხდებოდა და იდგა საქართველოს წინაშე”,- განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა უარი.

„დემოკრატიულობის ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც არის კრიზისი და თქვენ გაქვთ სერიოზული კრიზისი. დემოკრატიულობის ტესტი მაშინ არ არის, როდესაც იგებთ და კარგი რეიტინგები გაქვთ. ეს ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც აგებთ არჩევნებს და სწორედ ამ დროს, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აგებდით და საკმაოდ სუსტად გრძნობდით თავს, მიმართავდით ძალადობას. მაგალითად კორცხელში, წელს ზაფხულში „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული თავმჯდომარის, ზურა შანიძის წინააღმდეგ თქვენ მიმართეთ ძალადობას. გუშინ ეს იყო ამაზრზენი რაც თქვენ გააკეთეთ, ახალქალაქში ,თქვენ დაარბიეთ გრიგოლ ვაშაძის შტაბი და იძალადეთ ამ ადამიანებზე. ეს არის ცუდი და იმ ფონზე არის ცუდი, როდესაც ეთნიკურმა სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, განაცხადეს და გითხრეს, რომ ისინი არ დაუშვებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო ადამიანი, რომელიც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში. მე მართლაც მეამაყება, რომ მათაც დაიცვეს ნაციონალური ინტერესები, ისინი დადგნენ და გიპასუხეს ისე, როგორც მთელმა საქართველომ”, – აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძეს მხარი დაუჭირა „ევროპულმა საქართველომ“, მას დაახლოებით 10 პროცენტიანი უპირატესობა აქვს.

„თქვენ უნდა მოიქცეთ ადეკვატურად. ბევრჯერ მითქვამს, როგორც აგდებული ქვა არ აცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, მთავარია, რომ ეს დამარცხება არ იყოს მტკივნეული ქვეყნისთვის და არ იყოს მტკივნეული საზოგადოებისთვის და ჩვენთვის ყველასთვის”, – განაცხადა სერგო რატიანმა.