სერგო რატიანი - 7 ნოემბერი ჩვენი სახელმწიფოსთვის საკმაოდ მძიმე დღე იყო
სერგო რატიანი - 7 ნოემბერი ჩვენი სახელმწიფოსთვის საკმაოდ მძიმე დღე იყო

7 ნოემბერი საკმაოდ მძიმე დღე იყო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს იყო კიდევ ერთი ნეგატიური გამოცდილება,  ამ მიმართულებით ბევრი რამე იყო გასააზრებელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა შეცდომა იყო.

„მე მაშინ მთავრობაში არ ვიყავი, თუმცა როდესაც გუნდში მოდიხარ, ბუნებრივია, შენც პასუხისმგებლობას იღებ. პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ უნდა გაიაზრო და იგივე რაღაცები არ გააკეთო. ეს პასუხისმგებლობა დღევანდელმა მთავრობამ ვერ გაიაზრა, რომელმაც „რუსთავი 2“ ფაქტობრივად დახურა და მიიტაცა. ამის შემდეგ მედიაზე ზეწოლა ბევრი მიმართულებით გრძელდება. შესაბამისად, წინა ხელისუფლების გაკვეთილები ჩვენ გავიაზრეთ. პირადად მე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პასუხისმგებლობა და ეს ტვირთი, რასაკვირველია, გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს გუნდში არ ვიყავი, ამ პასუხისმგებლობას ვიზიარებ, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული და გახარიათი დამთავრებული, ეს ტვირთი და შეცდომები ვერ გაიაზრეს. მათ, ფაქტობრივად, ამის შემდეგ მედიის შევიწროება სხვადასხვა მიმართულებით  დაიწყეს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.