სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებს
სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერვი, სერგო მეთოფიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილს ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებს.

სერგო მეთოფიშვილს მიაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებზე, დიმიტრი ხაჩიძესა და არჩილ ჩოფიკაშვილზე, რომლებიც 137 კაციან სიაში ფიგურირებდნენ, თუმცა 50 კაციან სიაში ვერ მოხვდნენ, კენჭისყრაზე დასწრებისას ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი. მეთოფიშვილის თქმით, აღნიშნული პირები წარსულში ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ერთსა და იმავე ორგანიზაციაში მუშაობდნენ.

სერგო მეთოფიშვილის მტკიცებით, ჯანეზაშვილმა აღნიშნული გარემოება საბჭოს დაუმალა. საბჭოს მოსამართლე წევრმა, სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილისა და დასახელებულიბპირების ერთობლივი ფოტოებიც წარმოადგინა.

პიერიოდულად, თქვენ ერთმანეთს ცვლიდით ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ანუ, ხან ერთი იყო გამგეობის თავმჯდომარე, ხან მეორე და მესამე. ახლა თქვენ, ამ კარუსელის დატრიალება გინდოდათ სასამართლო სისტემაშიც, როდესაც დიდი ვარაუდი მაქვს, რომ რაც ხმები მოაგროვა ხაჩიძემ და ჩოფიკაშვილმა ეს არი თქვენს მიერ მიცემული ხმები. თქვენ დამალეთ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

სერგო მეთოფიშვილის მოსაზრებას ეთანხმება, საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ბონდარენკო და აცხადებს რომ ჯანეზაშვილს, წარსულში დაყენებული აქვს თვითაცილების საკითხი, მსგავს შემთხვევაში რაც, მისივე თქმით ახლაც უნდა მომხდარიყო.

ნაზი ჯანეზაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას და ამბობს, რომ მისი წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის ღია და საჯარო. ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 50 კაციან სიაში, თითქმის ნახევარი, მოსამართლე წევრების თანამშრომელია.

„ეს არის სერგო მეთოფიშვილის მცდელობა, რომ უპასუხოს ჩემს ბრალდებებს თამარ ონიანთან და ირაკლი შენგელიასთან დაკავშირებით. სერგო მეთოფიშვილი როდესაც საუბრობს ჩემს ყოფილ თანამშრომლებზე, მას ასეთივე ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. არანაირი ნათესაური კავშირი არც ერთ კანდიდატთან მე არ მაქვს და თუ ასეთი იქნებოდა, მე ამას აუცილებლად ვიტყოდი. ასეთივე ინტერესთა კონფლიქტი აქვს საბჭოს ყველა მოსამართლე წევრს, ყველა იმ მოსამართლესთან, რომელიც მონაწილეობდა კონკურსში და ასეთი იყო დაახლოებით 65“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება ერთობლივ ფოტოებს ჯანეზაშვილის თქმით, ფოტოები ქალაქგარეთ ჩატარებული კონფერენციის შემდეგ არის გადაღებული.

დატოვე კომენტარი