სერგო მეთოფიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამთავრობო სექტორის ინიციატივებს ითვალისწინებს
სერგო მეთოფიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამთავრობო სექტორის ინიციატივებს ითვალისწინებს

ურწმუნო თომების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ითვალისწინებს არასამთავრობო სექტორის ინიციატივებს, – ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე მსჯელობისას.

მისივე თქმით, აღსანიშნავი ფაქტია, რომ საბჭომ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა ინიციატივა გაითვალისწინა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს ყურადღებით მოსმენას და ითვალისწინებს არასამთავრობო სექტორის ინიციატივებს, თუ ეს გასათვალისწინებელია. საბჭომ გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც საია-ს ჰქონდა და რაც არ იყო დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებთან. ვფიქრობ, შემდგომშიც ასე გაგრძელდება”,- განმარტა სერგო მეთოფიშვილმა.

დღეს საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე მსჯელობს. ინიციატივა საია-ს რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა, რომელიც ორგანიზაციამ საბჭოს გასულ კვირას წარუდგინა.