სერგო მეთოფიშვილი - იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი კაბინეტში იბარებს გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეებს
სერგო მეთოფიშვილი - იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი კაბინეტში იბარებს გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი კაბინეტში იბარებს გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეებს, რომელთა შეფასებასაც ახორციელებს, – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა სხდომის დაწყებისას გააკეთა და განმარტა, რომ ადგილი აქვს საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან მანკიერი პრაქტიკის გამოყენებას.

სერგო მეთოფიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ არამოსამართლე წევრზე არის საუბარი, თუმცა განმარტა, რომ საბჭოს წევრის კაბინეტში მოსამართლეების გასაუბრების მიზნით დაბარება მიუღებელია. სერგო მეთოფიშვილი ​კოლეგებს ურჩევს, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეზე დასაკვირვებლად მსგავსი შეხვედრები ადგილზე, სასამართლოში შედგეს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი კაბინეტში იბარებს გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეებს, რომელთა შეფასებასაც ახორციელებს. მე თავს შევიკავებ არამოსამართლე წევრების გვარების დასახელებისგან, არ ვიტყვი, მაგრამ მინდა, იცოდეთ, ეს არის მანკიერი პრაქტიკა. არასწორია. საბჭოს წევრი არ არის მოსამართლის ზედამხედველი, არ არის მოსამართლის დირექტორი და არ არის მოსამართლის უფროსი, დაიბაროს მოსამართლე და გაესაუბროს თავის კაბინეტში. ვფიქრობთ, მოსამართლეებს პატივისცემით უნდა მოეპყროს ყველა, მით უმეტეს საბჭოს წევრი და არა დაბარებებით ესაუბროს“, – განმარტა სერგო მეთოფიშვილმა.

საკითხს გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და სერგო მეთოფიშვილს გაკეთებული განცხადების დაკონკრეტებისკენ მოუწოდა.

„ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა. დაბარება ზოგადად ძალიან ცუდი ზმნა არის, ვეწინააღმდეგები მის გამოყენებას. ყველანაირი შეხვედრა, ბუნებრივია, შეთანხმების საკითხია. თუ არსებობს ასეთი ინფორმაცია, იქნებ, დაასახელოთ რა შემთხვევაზეა საუბარი, რომ არ გავრცელდეს და ისეთი ფონი არ შეიქმნას, რომ ჩვენ ყველამ ვეძებოთ კუდიანები ვიღაცების კარადებში. თქვით კონკრეტულად, დაასახელეთ რა შემთხვევაზეა საუბარი. მე მაქვს ასეთი პრაქტიკა, რომ მოსამართლეებს ყოველთვის ვხვდები სასამართლოში. თუმცა, ისიც ვიცით, რომ კანონით არც ერთია აკრძალული და არც მეორე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ბრალდება გაუგებარია საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილისთვის. მისი თქმით, მეთოფიშვილის ბრალდება მან ნაწილობრივ საკუთარ თავზე მიიღო, რადგან მართლაც ჰქონდა მსგავსი ტიპის რამდენიმე შეხვედრა.

„მე მაქვს რაღაც შეხვედრები მოსამართლეებთან. ვთანხმდებით და მათი სურვილით იმართება ეს შეხვედრები. მითხარით, რა ფირმით გავესაუბრო. შევიმუშაოთ წესები. მე ამ წესებს დავემორჩილები“, – განმარტა ლევან გზირიშვილმა.