სერგო მეთოფიშვილი - დრო გავა და დამტკიცდება, რომ დღეს იუსტიციის საბჭო სამართლიან და კანონიერ პროცედურებს ატარებს
სერგო მეთოფიშვილი - დრო გავა და დამტკიცდება, რომ დღეს იუსტიციის საბჭო სამართლიან და კანონიერ პროცედურებს ატარებს

დრო გავა და დამტკიცდება, რომ დღეს იუსტიციის საბჭო სამართლიან და კანონიერ პროცედურებს ატარებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე განაცხადა.

სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს ქმედებების სისწორე ზუსტად ისევე დამტკიცდება, როგორც ეს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოხდა.

“არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ჩემი აზრით, „ფეიკ“ კვლევებს აწარმოებს. მათ შორის ერთ-ერთია კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ეკა გიგაურის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, სადაც ნახსენები იყო „რუსთავის 2“- ის საქმე. მაშინ მოდაში იყო „რუსთავი2“-ის საქმე და ამ კვლევაში სასამართლო სისტემის ლაქად იყო ნახსენები. დღეს დადგინდა, რომ სამივე ინსტანციის სასამართლო სამართლიანად მოქმედებდა. მიღებული აქვს სამართლიანი გადაწყვეტილება.

დღეს, ქალბატონი ნაზიბროლა კანდიდატებს ერთასა და იმავე კითხვას უსვამს და ატრიალებს ანალოგიურ აბსურდს, თითქოს რაღაც შეთქმულება იყო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა შორის. პირადად მე და დანარჩენი მოსამართლეებიც ვამბობთ, რომ – არა, მაგრამ ქალბატონი, ნაზი მაინც თავისას ატრიალებს. დრო გავა, საპირისპირო დამტკიცდება ისე, როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ სასამართლო იყო მართალი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ისიც დამტკიცდება, რომ დღეს, იუსტიციის საბჭო სრულიად სამართლიან და კანონიერ პროცედურებს ატარებს. ძალიან მაინტეტესებს რას იტყვის ქალბატონი ნაზიბროლა და როგორი იქნება საზოგადოების აზრი“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

საბჭოს მოსამართლე წევრმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ილონა თოდუას საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„ვეთანხმები იმას, რომ კვლევები, რომელიც ვრცელდება, საზოგადოებაზე მეტ-ნაკლებად ახდენს გავლენას დადებითი და უარყოფითი კუთხით. ჩემთვის მთავარი და ღირებულია ის, რომ სახელმწიფოს, ქვეყანას არ დაუდგინდეს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა. კონკრეტულად რა საქმე იქნება, ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ დავას მოიგებს ჩვენი სახელმწიფო ევროპის სასამართლოში, ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და ფასეული იქნება”, – განაცხადა ილონა თოდუამ.