სერგო მეთოფიშვილი - დარწმუნებით ვეუბნები კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს, თქვენი ბინძური თავდასხმების შედეგად სასამართლო ხდება უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი
სერგო მეთოფიშვილი - დარწმუნებით ვეუბნები კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს, თქვენი ბინძური თავდასხმების შედეგად სასამართლო ხდება უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ანა დოლიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და სულხან სალაძეს სასამართლოს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„პოლიტიზებული კოლექტიური დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. სრულ აგონიაში და ისტერიკაში არიან, მათი უზნეობა პიკს აღწევს. დოლიძემ საერთოდ სახე დაკარგა. გუშინ დოლიძე იმ შეხვედრაზე იყო, რომლის თაობაზე წინა პოსტი დავწერე და ბორჯომიდან განაცხადა, რომ “ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისთვის”. წარმოიდგინეთ რამდენს ბედავს. ეს ხომ სასამართლო სისტემის ამაზრზენი და ბინძური შეურაცხყოფაა. იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და მისი დამოუკიდებელი საბჭოს (ბორდის) შეურაცხყოფაა. განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა მოსამართლეების შეურაცხყოფაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაინიშნენ. აქედან უმეტესობას არც კი ვიცნობდი დანიშვნამდე. როგორ ფიქრობთ დოლიძე, რომელიც ბედავს და ახლად დანიშნულ ნიჭიერ, კეთილსინდისიერ და მიუკერძოებელ ახალგაზრდა მოსამართლეებსაც კი ასე დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და თავხედურად ესვრის ტალახს, რამეს სასიკეთოს გააკეთებს სასამართლო სისტემისათვის? ფაქტობრივად, ეს არის მტერი მთელი სასამართლო სისტემის. რამდენი ხანია არის საბჭოს წევრი და არაფერი გაუკეთებია ლანძღვის გარდა. რისთვის იღებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ტოლფას ხელფასი? დამეთანხმეთ, რომ ის სიბინძურე, რასაც დოლიძე აკეთებს ძალიან შორს არის ჯანსაღი კრიტიკისაგან“, – წერს მეთოფიშვილი.

მისივე განცხადებით, ანა დოლიძე სიცრუით, მოსამართლეების შეურაცხყოფით, დაშინებით, ძალადობისკენ მოწოდებით, ბინძური ჭორების შეგროვებითა და გავრცელებით არის დაკავებული.

„ეს არის კაპიტანი გიგაურის, კოლექტიური ჯანეზაშვილების, დოლიძეების, სალაძეების და მათნაირი პოლიტიკოსების სასამართლოზე თავდასხმის მეთოდები და ტაქტიკა. ვფიქრობ, ეს ერთი მხრივ, გახდა ძალიან სამარცხვინო, თუმცა მეორე მხრივ, შეიძლება კარგიც იყოს, ვინაიდან ამ ფარისევლებმა ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე აჩვენეს თავისი რეალური სახეები, ის თუ როგორი სახიფათო და საშინლად ბინძური თავდასხმის მეთოდები გააჩნიათ. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. თუმცა, ავიწყდებათ, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა და საზოგადოებას არ სჯერა მათი. ესენი არიან ცრუ, მატყუარა ხალხი, ყველაზე სახიფათო და საშიშია, რომ მატყუარა ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ნიღბები მათ სახეებზე. მინდა, მივმართო ჩემ კოლეგებს, ახლად დანიშნულ ახალგაზრდა მოსამართლეებს და საზოგადოებას: ვამაყობ, რომ ასეთი ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მოსამართლეები გვყავს. ამ მოსამართლეებს უდიდესი წვლილი შეაქვთ სასამართლო სისტემის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში. ამასთან, დარწმუნებით შემიძლია ვუთხრა კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს და სხვა პოლიტიკოსებს, ვინც ამ ვერაგობას და სიბუნძურეებს გეგმავს და ახორციელებს – არ გამოგივათ. იცოდეთ, თქვენი ბინძური თავდასხმების შედეგად ჯანსაღი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებული, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო სისტემა უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი და უფრო დამოუკიდებელი ხდება“, – წერს მეთოფიშვილი.