სერგო ჩიხლაძე - ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი უფრო გახსნილი გვექნება
სერგო ჩიხლაძე - ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი უფრო გახსნილი გვექნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ჩანაწერს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ შემდეგი განხილვების დროს დასახელებული ნაწილი კანონპროეტიდან ამოღებული იქნება.

„ეს ჩანაწერი არის ყოვლად გაუგონარი ჩანაწერი, რომელიც არანაირ პრაქტიკაზე დაფუძნებული არ არის. არც საქართველოს პრაქტიკაში და არც საზღვარგარეთ ანალოგი არ არსებობს, რომ ამნისტიის კანონში მსგავსი ჩანაწერი იყოს. დიდი ალბათობით, შემდეგი განხილვების დროს ეს ნაწილი ამოღებული იქნება, რადგან არანაირი  იურიდიული საფუძველი არარსებობს და არანაირ გამოცდილებას არ ეფუძნება. ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ხულიგნობა, რომელსაც სჩადის ამ კანონპროექტთან მიმართებით. ფაქტია არის ერთი, რაც არ უნდა ჩაიწეროს ამ კანონპროექტში, იქნება სამ კვირაში, ოთხში თუ ხუთ კვირაში, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელია იქნება გათავისუფლებული ამნისტიის კანონით, თუ არ იქნება მიღებული უფრო ადრე გირაოს თანხმობა. ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, მეორე – ნიკა მელიაც გათავისუფლდება, უნდა ეს თუ არ უნდა „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ აქ ლაპარაკია ვადებზე. ჩვენი ხედვაა, რომ ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს და სწრაფად მოხდება მისი გამოშვება, ჩვენც, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი გვექნება უფრო გახსნილი. იგივე ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით არ ვიქნებით დროში შეზღუდულები. ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, მეტი არეალი გვექნება, თუ არადა ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით იქნას მიღებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტი დაინიცირდა. ერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით, მეორე კი – მმართველ პარტიას.