სერგო ჩიხლაძე - ვერ დავეთანხმები ირმა ინაშვილს, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ არც ერთ პუნქტში არანაირი გარიგება არ არის
სერგო ჩიხლაძე - ვერ დავეთანხმები ირმა ინაშვილს, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ არც ერთ პუნქტში არანაირი გარიგება არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ წარდგენილი შეთავაზების არც ერთი პუნქტი ხელისუფლებასთან გარიგებას არ ნიშნავს.

ჩიხლაძის განცხადებით, თუ სამართლიანი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას მმართველი გუნდი დათანხმდება და ეს გარიგებას ნიშნავს, ოპოზიციას სწორედ ეს უნდა.

„ვერ დავეთანხმები ქალბატონ ირმას. პირველ რიგში, ქალბატონი ირმა არ მონაწილეობს ამ ფორმატებში, მას თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს, რაც აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ არც ერთ იმ პუნქტში არ არის არანაირი გარიგება, როგორც ის ამბობს. ის თუ გარიგებაა მთავრობასთან, რომ კარგ, წესიერ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები და პოლიტპატიმრები გამოვუშვათ, თუ ამ გარიგებაზე წამოვლენ, ჩვენც, მთელ ოპოზიციას ეს გვინდა. არ ვიცი, რას გულისხმობდა ქალბატონი ირმა. არ მგონია, რომ სწორი ინტერპრეტაცია მოახდინა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერებისა და ელჩების გუშინდელ შეხვედრას, სადაც ოპოზიციამ საკუთარი წინადადება წერილობითი ფორმით წარადგინა, „პატრიოტთა ალიანსი“ არ ესწრებოდა. როგორც შემდეგ პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტა, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად, ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს. ამასთან, ინაშვილის თქმით, ოპოზიციის წინადადების ორი პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.