სერგო ჩიხლაძე - ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ შემხვედრ წინადადებას, მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია, გონივრულ კომპრომისზე ორივე მხარეს მოუწევს წასვლა
სერგო ჩიხლაძე - ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ შემხვედრ წინადადებას, მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია, გონივრულ კომპრომისზე ორივე მხარეს მოუწევს წასვლა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ყველა ოპოზიციური პარტია მზად არის მოლაპარაკებისთვის და „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ წინადადებას ელოდებიან.

მისივე შეფასებით, მხარეებს გონივრულ კომპრომისზე მოუწევთ წასვლა.

„ვეთანხმებით ელჩს, რომ ქვეყანას სრულფასოვანი პარლამენტი უნდა ჰყავდეს, თუმცა ეს სრულფასოვნება თავიდანვე მოკლა (ხელისუფლებამ), როცა ხმები მიიტაცა, შემდეგ საჩივრებიც აღარ განიხილა და შესაბამისად, მეორე ტურიც უკონკურენტო გარემოში ჩატარდა. გამოსავალი არის ერთადერთი, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება და ყველა ოპოზიციური პარტია მზად არის მოლაპარაკებისთვის.

ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, შესაბამისად, ველოდებით „ქართული ოცნების“ მხრიდან გარკვეულ შემხვედრ წინადადებას. მოლაპარაკების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია, პირიქით, მოლოდინის რეჟიმში ვართ და ვადასტურებ, რომ გონივრულ კომპრომისზე ორივე მხარეს მოუწევს წასვლა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა არის გონივრული კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ გახდება ცნობილი, რა წინადადებით მივა ხელისუფლება მესამე რაუნდზე.

„ვერ გეტყვით, კომპრომისი რომ შედგეს, ორივე მხარის წინადადება უნდა იყოს ცნობილი. შესაბამისად, რა წინადადებით მოვა მეორე მხარე – „ქართული ოცნება“, სად შეიძლება პოზიციების მეტნაკლებად დაახლოება, წინასწარ ეს ძნელი სათქმელია. ჩვენი მოთხოვნები ცნობილია, „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი წინადადებები უცნობია და ვიდრე მეორე მხრიდან არ დაიდება მაგიდაზე კონკრეტული წინადადება, რამე სახის კომპრომისზე საუბარი ძნელია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე, სერგო ჩიხლაძეს უჭირს იმაზე საუბარი, მაქსიმუმ რისი დათმობა შეუძლია ოპოზიციას.

„ხელისუფლება არაფერს ამბობს ჯერ და ძნელია ამაზე საუბარი, ოპოზიციას აქვს სამი ძირითადი მოთხოვნა, კონკრეტულად რაზე შეიძლება მოხდეს, უბრალოდ შეუძლებელია ახლა თქმა, თავისთავს ხომ არ შევუთანხმდებით ერთი მხარე, ველოდებით შემდეგ რაუნდს, იმედი გვაქვს, ამ კვირაში შედგება მესამე რაუნდი და უკვე კონკრეტიკა გახდება ცნობილი. საერთოდ რამდენად პერსპექტიულია მოლაპარაკება ან ვერ იქნება პერსპექტიული, ამ ყველაფერს დავინახავთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძის განმარტებით, ოპოზიცია ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ცალკეული პარტიების მხრიდან ხელისუფლებასთან გარკვეულ სეპარატისტულ მოლაპარაკებას გამორიცხავს.

„ოპოზიცია ერთიანები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენი პროცენტი მიიღო, ვინ დიდი პარტიაა და ვინ პატარა. მე გიდასტურებთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან საუბრით და ერთმანეთთან კოორდინაციით. ცალკეული პარტიების, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება, ხელისუფლებასთან რაღაც სეპარატისტულ მოლაპარაკებას გამოვრიცხავთ. საკითხებზე გადაწყვეტილება იქნება ყველა პარტიის თანხმობით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩიხში არ შევა, მესამე რაუნდზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ველოდებით კონკრეტულ წინადადებებს, რომლებზეც შემდგომში დაიწყება მოლაპარაკებები და ამის შემდეგ გახდება ნათელი, ვის რისი დათმობა შეუძლია ან სად არის გადაკვეთის წერტილები, უარეს შემთხვევაში უპერსპექტივო იყოს. ამიტომ ველოდებით რეალურ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.