სერგო ჩიხლაძე - უახლოესი ორი-სამი დღე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიდ იმედებს ვამყარებთ
სერგო ჩიხლაძე - უახლოესი ორი-სამი დღე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიდ იმედებს ვამყარებთ

უახლოესი ორი-სამი დღე ნამდვილად გადამწყვეტი იქნება მოლაპარაკებებში, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიდ იმედებს ვამყარებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიხლაძე იმედს გამოთქვამს, რომ კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ვემზადებით. უახლოესი ორი-სამი დღე ნამდვილად გადამწყვეტი იქნება მოლაპარაკებებში. ევროკავშირის წარმომადგენელი ჩამოდის. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მოლაპარაკებებზე და ფრთხილ ოპტიმიზმსაც გამოვთქვამ, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებული იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ 16 მარტს საქართველოდან ბრიუსელში ჩასული დელეგაცია საკმაოდ საინტერესო მონახაზს წაიღებს ექვსივე პუნქტზე, რომელიც ჯერ კიდევ ბატონმა შარლ მიშელმა წინა კვირაში განსაზღვრა. ველოდით კიდეც შარლ მიშელის წარმომადგენლის ჩამოსვლას, ეს არ იყო მოულოდნელობა, იმიტომ, რომ მოდერატორის როლი იკისრა ევროკავშირის პრეზიდენტმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც „ქართული ოცნებისგან“ მაინც ვხედავთ მცდელობებს, რომ როგორღაც გაწელოს ეს პროცესი. უშუალოდ წარმომადგენელი ჩამოდის, რომელთან შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ უარს ვერ იტყვის. ეს იქნება გადამწყვეტი შეხვედრა ან შეხვედრები, რომელიც დაგვანახებს შეთანხმებისკენ მივდივართ თუ ისევ ჩიხისკენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება.