სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო კამპანიას გავაგრძელებთ, გავშლით კარვებს და ხელმოწერებს შევაგროვებთ
სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო კამპანიას გავაგრძელებთ, გავშლით კარვებს და ხელმოწერებს შევაგროვებთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კახა კალაძისა და თბილისის მერიის მხრიდან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერებზე ძალადობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მათი მხარდამჭერების დაჯარიმება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა, რაც დანაშაულია.

„გუშინ თბილისის მერის მხრიდან კიდევ ერთხელ გავხდით ძალადობის ფაქტის მომსწრე. ხელისუფლებისგან ძალის დემონსტრირება პირველი შემთხვევა არ არის. უკვე დიდი ხანია, რაც პირადად ბატონი კალაძე და თბილისის მერია ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. თუ ეს დღემდე შემოიფარგლებოდა დაჯარიმებით და ხელოვნური ბარიერების შექმნით, გუშინ ბატონი კალაძე და მისი ქვეშევრდომები პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. არ დაინდეს 19-20 წლის გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები პირდაპირ ასფალტზე ახოხიალეს, ასევე დააკავეს ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი. ძალიან ბევრი სამარცხვინო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით.

მაინცდამაინც გუშინ რატომ იძალადა მან ახალგაზრდებზე? ვეკითხები დედაქალაქის მერს; ისინი არღვევდნენ წესრიგს ან ვინმეზე ძალადობდნენ? თუმცა პასუხი ნათელია, მათი ეს ძალადობა აიხსნება მარტივი მიზეზით, ხელი შეეშალათ ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, პირდაპირ ეძალადათ ჩვენს მხარდამჭერებზე. ჩვენი ახალგაზრდა მხარდამჭერები იდგნენ გადასატან საიმიჯო ბანერთან, გზა ჩახერგილი არ იყო სავალ ნაწილზე და ხდებოდა მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. კერძოდ, მოსახლეობას საბანკო სესხებთან დაკავშირებით ვაცნობდით ჩვენი პარტიის ინიციატივებსა და ასევე ინფორმაციას, პენსიონერებს როგორ არ დააწვეთ მძიმე ტვირთად სესხები, როგორ მოხდეს საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერა, პროცენტის განახევრება პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის, რაც არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ შეგვაქვს ინიციატივა, თუ როგორ დავწიოთ სესხებზე პროცენტი, როგორ გავატაროთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საბანკო რეგულაციები ეროვნულ ბანკთან, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ურტყამს მათ ჯიბეს და ასეთი გავეშებული სახე გვანახა გუშინ ბატონმა კალაძემ, რომელიც აქამდე იყო და ისტორიაშიც შევიდა, როგორც ამ ქალაქის ყველაზე კორუმპირებული მერი. დღეიდან ის უკვე ისტორიაში შევა როგორც მოძალადე მერი და მოძალადეები კანონით როგორ ისჯებიან ეს ძალიან კარგად ვიცით. ამას ადასტურებენ თვითმხილველი და ადგილობრივი იურისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მერიის წარმომადგენლებმა პირდაპირ დაუწერეს ჯარიმები „სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რაც იყო შეკრების და მანიფესტაციების უფლებადარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია. დღეს მას საერთაშორისო ორგანიზაციები ეუბნებიან, რომ ანალოგიური ქმედებები არ შეიძლება. თუმცა ამ ფონზე, ბატონმა კალაძემ, კიდევ უფრო აღვირახსნილი ძალადობა ჩაიდინა. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მას ვპირდებით, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ გავაგრძელებთ და დღესაც გავშლით კარვებს და ხელმოწერებს შევაგროვებთ, არც იფიქროთ, რომ ჩვენს რომელიმე თანამებრძლს, გულანთებულ გოგო-ბიჭებს, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროდ, თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებით წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, რომ მათ წინააღმდეგ იძალადოთ. ერთი თმის ღერიც მათ არ ჩამოუვარდეს, თორემ არ შეგრჩებათ. ყველა მასალა გადაგზავნილია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ხვალ გვექნება მათთან ონლაინ ჩართვები, მათ შორის NDI-სთან და დეტალებს გავივლით. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შესაბამისი დასკვნაც კი დადო, რომ საერთოდ მსგავსი ხელმოწერების შეგროვებაზე დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც არის მათი მხრიდან დანაშაული. ყველა ჯარიმას და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გავაპროტესტებთ და რა თქმა უნდა თავისუფალი სასამართლო და არა  ივანიშვილის, მურუსიძის და კალაძის სასამართლო შესაბამის ზომებს მიიღებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.