სერგო ჩიხლაძე - „სამართლიანი არჩევნები“ რეპუტაციულად სერიოზულად დაზიანდა, ეს ხომ არ არის მორიგი პატარა ანგარიში, რომელიც დონორს წარუდგინე, ბევრი რამ იყო დამყარებული პოლიტიკურად
ISFED-ის გუშინდელ განცხადებას რაც შეეხება, ძალიან არასერიოზულია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რამდენიმე კვირის შუალედში განსხვავებული ციფრები იდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სერიოზული რეპუტაციული ზიანი ამ ორგანიზაციისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს.
მისივე თქმით, ასევე ძალიან საეჭვოა, რომ ეს ემთხვევა დროში ხელისუფლების განცხადებას ერთპროცენტიან ცვლილებასთან, ანუ ერთპროცენტიან გაყალბებასთან დაკავშირებით.
„მანამდე ეს დიდი ციფრი იყო ISFED-ის მონაცემებით და ახლა ზუსტად ერთ პროცენტზე ნაკლებ მონაცემზე დაჯდა. არ შევალ სპეკულაციებში, უბრალოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა სანდოობის, ასე ვთქვათ კითხვის ნიშნები დაისვა ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი, ოპოზიციისა და საზოგადოების განცხადებები, რომ ვთქვათ, სერიოზული გაყალბებული იყო, არ ემყარებოდა მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს. ISFED-ის მონაცემებამდეც ჩვენ წარვადგინეთ იგივე ოქმები უბნებიდან და ასე შემდეგ, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში თითქმის 2/3 ოლქებს ეხებოდა, სადაც სერიოზული აცდენები იყო ოქმებში. პროპორციულობის ნაწილში 30%-ზე მეტ შემთხვევებში იყო ამ ოქმების სერიოზული აცდენები და დისბალანსი. ასე რომ, მხოლოდ ISFED-ზე არ არის დამყარებული მტკიცებულებები, თუმცა რა თქმა უნდა, სერიოზული ეჭვები, კითხვები ჩნდება მათ განცხადებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ჩიხლაძე.
მისი თქმით, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ არ წყვეტს ბედს და ISFED არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი.
ამასთან, შეკითხვაზე, რომ მოლაპარაკებებისას, სადაც საუბარი იყო საარჩევნო რეფორმაზე, მათ ISFED, საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა დაასახელეთ იმ ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებად, ვინც უნდა დააკომპლექტოს ცესკო და რა შეიცვალა დღეს, ჩიხლაძე ამბობს:
„არა, არაფერი, ვასახელებთ იმიტომ, რომ დიახ, სანდო ორგანიზაციებად ითვლებიან. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სანდო ორგანიზაციას შეიძლება რაღაც შეეშალოს. რაც შეეხება იმ დასახელებას, ეს არ იყო დაკავშირებული შედეგებთან, ის იყო უბრალოდ ცესკო-ს დაკომპლექტების ნიმუში, რაზეც კიდევ ერთხელ გეტყვით და თუ არ იცით, გავამჟღავნებ იმასაც, რომ ჩვენმა საერთაშორისო ფასილიტატორებმა თქვეს, რატომ მაინცდამაინც ეს სამი, შეიძლება კიდევ ამას დაემატოსო. რაზეც ჩვენ ვუთხარით, კი, ბატონო, შეიძლება დაემატოს სხვა ორგანიზაციებიც, უბრალოდ ეს იყო ნიმუშად წარდგენილი, როგორ შეიძლება. თორემ მაინცდამაინც ეს სამი არ იყო. ასე რომ, მხოლოდ ესენი და სხვა არა, შეიძლება ხუთი იყოს, შეიძლება შვიდი. ISFED-თან ჩვენ არ გვქონდა არანაირი ეჭვები და კითხვები. დღეს უბრალოდ ძალიან საეჭვოდ ემთხვევა დროში ეს და იმასაც, თავი დავანებოთ რომ შეეშალათ, რეპუტაციულად მაინც ძალიან სერიოზული კითხვებია. ასეთ საკითხებზე ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, ზუსტად დათვალონ და მერე წარადგინონ შედეგები. ეს ხომ არ არის რაღაც მორიგი პატარა ანგარიში, რომელიც აი, ჩაასწორე და დონორს წარუდგინე, ამაზე ბევრი რამე იყო დამყარებული ასე ვთქვათ, პოლიტიკურად და შესაბამისად ეს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა და რა თქმა უნდა, შეცდომაც რომ იყოს, ეს რეპუტაციულად აზიანებს პირველ რიგში ამ ორგანიზაციას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.