სერგო ჩიხლაძე - რამდენიმე ვერსიაზე ვმსჯელობდით, მათ შორის ცოცხალ ჯაჭვზე, მაგრამ გადავწყვიტეთ, მეორე ტურს ზედმეტი ყურადღება არ მივაქციოთ
სერგო ჩიხლაძე - რამდენიმე ვერსიაზე ვმსჯელობდით, მათ შორის ცოცხალ ჯაჭვზე, მაგრამ გადავწყვიტეთ, მეორე ტურს ზედმეტი ყურადღება არ მივაქციოთ

რამდენიმე ვერსიაზე ვმსჯელობდით, ერთ-ერთი იყო ცოცხალი ჯაჭვის აქცია, თუმცა შევჯერდით და გადავწყვიტეთ, საერთოდ იგნორი გაგვეკეთებინა, რადგან ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მეორე ტურებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელი დღე ერთპარტიული მმართველობის დასაწყისი იქნება.

„ჩაატარონ ერთპარტიული მეორე ტური, ჩვენ ამას დემონსტრაციულად იგნორს გავუკეთებთ, რადგან სხვა უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. ხვალინდელი დღე იქნება დასაწყისი ერთპარტიული მმართველობის, რაც ბოლო 30 წელში არ ყოფილა, ანუ, კომუნისტური პარტიის და საბჭოთა წარსულის მოლოდინში ვართ. საბჭოთა რეალობა იქნება ხვალინდელი დღე, როცა ერთ პარტიას მიდიოდნენ და ფორმალურად ხმას აძლევდნენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „ხვალ რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ მან ბევრ კონკურენტზე მეტი ხმა მიიღო, ოპოზიცია შეცდომად ხომ არ განიხილავს საკუთარ გადაწყვეტილებას“, ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ასეთ სიურპრიზს არ ელოდებიან.

„ჩვენი მომხრეებისთვის ნათქვამი გვაქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ და არჩევნებზე არ მივიდნენ, ასეთ სიურპრიზს არ ველოდებით, მარამ თუ ჰიპოტეტურად ასეთი რამე მოხდება, ეს ადამიანიც განცხადებას დაწერს, როგორც სიით გასული პირები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.