სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ცალკეული პარტიისა და ხელისუფლების შეთანხმება პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს
სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ცალკეული პარტიისა და ხელისუფლების შეთანხმება პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მთლიანად ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა შეთანხმდნენ და არა ცალკეული პარტია და ხელისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ პარტიასთან მოლაპარაკება შეთანხმებად ვერ ჩაითვლება.

„მეხუთე რაუნდზე ცალ-ცალკე მოლაპრაკებების აზრს ვერ ვხედავ, რადგან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მთლიანად ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს და არა ერთი რომელიმე პარტია, ან ორი კაცი და ხელისუფლება. ინიციატივა ბევრი შეიძლება გაჩნდეს. ორ-სამ ადამიანს რამდენი ინიციატივა მოუვა თავში, ხომ არ შეიძლება დღის წესრიგი ამის მიხედვით იცვლებოდეს?! შეხვედრა უნდა იყოს ერთად. არ შეიძლება, თუნდაც ერთ პარტიასთან თუ მოილპარაკებს ხელისუფლება. ეს ვერ ჩაითვლება მოლაპარაკებად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასე ჩვენ მივიღეთ ფრიდონ ინჯიფიას „ევროპული სოციალისტები“ პარლამენტში და მერე რა? განიმუხტა სიტუაცია? არა, ხომ?“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „გირჩისა და“მოქალაქეების“ ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩიხლაძის თქმით, თუ მათ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ სურთ საუბარი, შეხვდებიან, თუმცა პარტიის პოზიცია კვლავ უცვლელია.

„გირჩის“ და ელისაშვილის ინიციატივა ცნობილია. მათ სურთ ჩვენთან შეხვედრა და ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რჩება იმ საკითხების ერთგული, რითაც წარვდექით ჩვენ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებების საგანი არ შეცვლილა, არაფერი შეცვლილა ამ ბოლო სამ-ოთხ კვირაში. თუ საუბარი სურთ, შევხვდებით, თუმცა ჩვენი პოზიცია უცვლელია“, – განაცხადა ჩიხლაძემ.