სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებებზე გარკვეული ოპტიმიზმით მივდივართ
სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებებზე გარკვეული ოპტიმიზმით მივდივართ

მოლაპარაკებებზე მივდივართ გარკვეული ოპტიმიზმით, იქიდან გამომდინარე, რომ ორი კვირის წინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ საერთოდ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ახლა კი შედარებით სხვა პოზიციაზე არიან. კარგია ასევე, რომ იმ სამ პუნქტზე შევთანხმდით და შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი რჩება ორი პუნქტი.

„სწრაფად უნდა განთავისუფლდეს ორი პოლიტპატიმარი, ნიკა მელია და გიორგი რურუა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს ორი საკითხი ახლა არის მოლაპარაკებების საგანი და მივდივართ ზუსტად ამ ორი საკითხის გადასაწყვეტად, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ სამართლიანი, ყველასთვის მისაღები გზით. წითელი ხაზი იყო მოლაპარაკებაც, ასევე წითელი ხაზი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი ახლა იმ პოზიციაში არ არიან, რომ წითელ ხაზებზე ისაუბრონ და ამაზე მეტყველებს შეცვლილი გადაწყვეტილებები. არც ამ საკითხზე თანხმდებოდნენ ორი და სამი კვირის წინ, მაგრამ შეიცვალა მათი გადაწყვეტილება და ასევე შეიცვლება მათი პოზიცია სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ავიღოთ პოლიტპატიმრების საკითხი, პრეზიდენტის შეწყალების გამოყენება რურუასთან დაკავშირებით ადვილია, აბა რისთვის დადიან ქალბატონ პრეზიდენტთან?! დანიელსონი სამჯერ იყო მისული ამ თემით, დღეს ვნახეთ, რომ ელჩებიც იყვნენ მასთან, შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვადამდელი არჩევნები კვლავ რჩება მოსალაპარაკებელ საგნად და ამაზე საკმაოდ მძიმე, მაგრამ ვპროგნოზირებ, რომ პროდუქტიული საუბარი იქნება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება. 

დატოვე კომენტარი