სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვიქნებით, არ აქვს მნიშვნელობა, მანდატები გაუქმდება, თუ არა
სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვიქნებით, არ აქვს მნიშვნელობა, მანდატები გაუქმდება, თუ არა

მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვიქნებით, არ აქვს მნიშვნელობა, მანდატები გაუქმდება, თუ არა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ პარტიაში მანდატების გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რადგან „ამით არალეგიტიმური პარლამენტი კიდევ უფრო არალეგიტიმური გახდება“.

„ქართული ოცნებაში“ კარგად აცნობიერებენ, რომ მანდატების გაუქმებით კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევლენ და საკუთარ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებენ. 48-პროცენტიანი მხარდაჭერით მოსული ძალა, უუქმებს 52 პროცენტის ლეგიტიმაციის მქონე ოპოზიციას მანდატებს – ეს გაუგონარი ამბავია, ამას ვერ ახსნი ვერც საზოგადოებასთან და ვერც დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ ისინი აგრძელებენ რაღაც ხრიკების მოგონებას, ვიღაცას უყრიან კენჭს, ვიღაცას – არა. შემდეგ კი, შეეცდებიან ამ გახანგრძლივებულ პროცესში მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, ვიღაცაზე ზეწოლას, ვიღაცის პარლამენტში შეყვანას და კატათაგვობანას თამაშს. არც ამდენი გამბედაობა აქვთ, რომ ასეთ რადიკალურ ზომაზე წავიდნენ და ყველას გააუქმონ მანდატები. მეორე მხრივ, არალეგიტიმური პარლამენტი კიდევ უფრო არალეგიტიმური გახდება“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხს, „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების იმედი მცირდება, თუმცა მმართველ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც არსებული მდგომარეობის სიმძიმეს მეტ-ნაკლებად აცნობიერებენ.

„მოლაპარაკებების იმედი მცირდება, რადგან ეს უსაშველოდ ვერ გაგრძელდება, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან პირები, ვინც მეტ-ნაკლებად აცნობიერებენ მდგომარეობის სიმძიმეს. იქაც აქვთ აზრთა სხვადასხვაობა, საბოლოო ჯამში მათ მოუწევთ მოლაპარაკებებზე წამოსვლა და შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან. სხვა შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. შეთანხმება ოთხივე საკითხზე უნდა იქნას მიღწეული და არა ერთ რომელიმეზე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, წარვადგინეთ ალტერნატიული, კომპრომისული წინადადებები, იგივე ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ არ გვინახავს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, ჩიხლაძის თქმით, პარტია სამომავლო გეგმებში საპროტესტო აქციებსაც მოიაზრებს.

„სამომავლო გეგმებზე ვმუშაობთ დეკემბრიდან, რამდენიმე მიმართულებით გვაქვს გეგმები. ეს არის უშუალოდ ჩვენს ამომრჩევლებთან შეხვედრები, მათთან კომუნიკაცია, ალტერნატიული გეგმების განხილვა და მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას, რომელიც არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა. გვექნება ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია, კონსულტაცია და კონკრეტული სამოქმედო გეგმების დასახვა, ეს იქნება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მშვიდობიანი აქციებითაც. აქციები ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესების ნაწილია. კონსტიტუციით ჯერ არავის აუკრძალავს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვა და ამ საშუალებას რა თქმა უნდა გამოვიყენებთ“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.