სერგო ჩიხლაძე - მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ელისაშვილის „მოქალაქეებს“ ცენტრის პარტიად არ მოვიაზრებთ
სერგო ჩიხლაძე - მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ელისაშვილის „მოქალაქეებს“ ცენტრის პარტიად არ მოვიაზრებთ

გვინდა მესამე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნა. ვისთან ვითანამშრომლებთ, ამას მოგვიანებით გეტყვით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე საზოგადოების აქტიურ წევრებთან, რომლებიც საჯარო სივრცეში ჩანან. ამასთან, როგორც ჩიხლაძე ამბობს, მათი მიზანია, საქართველოში არსებობდეს მძლავრი პოლიტიკური ცენტრი, რათა ქვეყანაში მეტად კონკურენტული პოლიტიკა იყოს.

,,მოლაპარაკებები არის როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე საზოგადოების აქტიურ წევრებთან, რომლებიც საჯარო სივრცეში ჩანან. შეიძლება აქტიური პოლიტიკით არ არიან დაკავებული ან პარტიის წევრები არ არიან, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საექსპერტო წრეებთან და როდესაც პირველი კონტურები გამოისახება, სავარაუდოდ თებერვალში უფრო მეტ დეტალს გეტყვით. მიზანი არის მძლავრი პოლიტიკური ცენტრის გაჩენა, რომ ქვეყანაში უფრო კონკურენტული პოლიტიკა წარმოებდეს და მეტი კონკურენცია იყოს ძლიერ ძალებს შორის თუნდაც არჩევნებზე.

თანამშრომლობით ყველასთან ვითანამშრომლებთ, უბრალოდ, როდესაც საუბარია მესამე პოლიტიკურ ცენტრზე, გასაგებია, რომ აქ ორი პოლიტიკური ცენტრი არის უკვე შემდგარი, ძლიერი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა ივანიშვილის წასვლის შემდეგ რამდენად დარჩება ის ძლიერ პოლიტიკურ ძალად, საკითხავია. ჩვენ საპირწონედ გვინდა მესამე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნა.  ვისთან ვითანამშრომლებთ, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. გაერთიანებაზე აქ საუბარი არ არის აქ არის საუბარი ერთობლივი პოზიციების შემუშავებაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. არ დავაკონკრეტებ რომელ პოლიტიკურ ძალებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუ მეტი კონკრეტიკა გინდათ, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ არ მოვიაზრებთ ჩვენი მესამე ცენტრის პარტიად“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.