სერგო ჩიხლაძე - კორონავირუსისა და სეზონური ვირუსების თანხვედრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გრიპის ვაქცინის მარაგისა და ლაბორატორიათა ქსელის გაფართოება
სერგო ჩიხლაძე - კორონავირუსისა და სეზონური ვირუსების თანხვედრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გრიპის ვაქცინის მარაგისა და ლაბორატორიათა ქსელის გაფართოება

პარტიაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ აცხადებენ, რომ კორონავირუსისა და სხვა სეზონური ვირუსების თანხვედრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული ზომების მიღება.

როგორც ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, სახელმწიფო სეზონურ ვირუსებს სათანადოდ მომზადებული უნდა შეხვდეს. კერძოდ, მისი თქმით, უნდა გასამმაგდეს ქვეყანაში არსებული გრიპის ვირუსის ვაქცინის მარაგი და გაფართოვდეს ლაბორატორიათა ქსელი, რათა მოხდეს გრიპის ვირუსისა და „კოვიდ 19“-ის დიფერენციალური დიაგნოსტიკა.

„ოქტომბერი გვიახლოვდება, როდესაც იწყება ქვეყანაში სეზონური გრიპის პერიოდი. ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი წელს, როდესაც სეზონური გრიპი და კორონავირუსი ერთმანეთს დაემთხვევა და მოხდება ამ ორი ინფექციის თანხვედრა. ამ პროცესების სამართავად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი: სათანადო რაოდენობის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგის შექმნა ქვეყანაში და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების აწყობა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოხდება დიფერენციალური დიაგნოზი – ადამიანს კორონავირუსი აქვს თუ სეზონური გრიპი. ორივე მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა გვაქვს.

მთავრობამ განაცხადა, რომ შემოიტანს 135 000 ვაქცინას. დამატებით 100 000 ვაქცინაზე გვქონდა მოლაპარაკება და ჩავარდა, მეტი ვეღარ შემოგვაქვს. ეს არის მიზერზე მიზერი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნილებასაც ვერ დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, შარშან შესყიდული იყო 140 000 ვაქცინა და ყველას კარგად გვახსოვს, რომ პუნქტიდან პუნქტში დავდიოდით და აღარ იყო ვაქცინები. ეს შარშან, როდესაც კორონავირუსი არ არსებობდა და მეორე მიმართულებითაც სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. მთავრობა გვეუბნება, რომ მხოლოდ 21 ლაბორატორია აქვს მზად, სადაც მოლეკულური მეთოდით მოხდება დიფერენციული დიაგნოსტიკა, მაშინ როცა ქვეყანაში 40-ზე მეტი ლაბორატორია გვაქვს მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი, სადაც შეიძლება ამის გაშლა. 21 ლაბორატორია მხოლოდ თბილისს არ ეყოფა და რა მთელ საქართველოზეა საუბარი, მით უმეტეს, ორი სერიოზული ინფექციის თანხვედრა როდესაც არის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, პარტია მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით.