სერგო ჩიხლაძე - ხელისუფლებამ კონკრეტული მემორანდუმი „გირჩთან“ გააფორმოს, თუ ისინი თანახმა არიან, ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის პოზიცია ცნობილია და ჩვენთვის ეს მოლაპარაკების საგანი არ არის
სერგო ჩიხლაძე - ხელისუფლებამ კონკრეტული მემორანდუმი „გირჩთან“ გააფორმოს, თუ ისინი თანახმა არიან, ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის პოზიცია ცნობილია და ჩვენთვის ეს მოლაპარაკების საგანი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არჩევნების უბარიერო სისტემით ჩატარება „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების საგანი არ არის. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ნათელია, თუ რაზე სურს ოპოზიციას საუბარი.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წინა კვირაში კიდევ ერთხელ წერილობით დაუდასტურა ხელისუფლებას, რა არის ჩვენი მოთხოვნა და რა საკითხებზე გვსურს ხელისუფლებასთან საუბარი. ეს კონკრეტული მემორანდუმი „გირჩთან“ გააფორმოს, თუ ისინი თანახმა არიან. სხვა ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია ცნობილია და ჩვენთვის ეს მოლაპარაკების საგანი არ არის“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას აცხადებს, იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე“. ისინი, ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმია, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.