სერგო ჩიხლაძე - „აირაი“ არჩევნების ლეგიტიმურობაზე დასკვნას ვერ დადებს, მან ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაზეც ჩვენც ვსაუბრობდით
სერგო ჩიხლაძე - „აირაი“ არჩევნების ლეგიტიმურობაზე დასკვნას ვერ დადებს, მან ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაზეც ჩვენც ვსაუბრობდით

„აირაი“(IRI) არჩევნების ლეგიტიმურობაზე დასკვნას ვერ დადებს, მან ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაზეც ჩვენც ვსაუბრობდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიში მოლაპარაკებების დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ IRI-ის დასკვნებს ვეცნობით და მადლობას მოვახსენებთ საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის. ამ დასკვნაში ზუსტად ის თემებია ხაზგასმული, რაზეც ოპოზიცია ვსაუბრობთ: ამომრჩეველზე ზეწოლის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები და რაც მთავარია შემაჯამებელი ოქმების დისბალანსზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რაც შეეხება, ანგარიში მოახდენს თუ არა გავლენას დღის წესრიგზე, გავლენას უკვე ვერაფერი მოახდენს, მოლაპარაკებების დღის წესრიგი არსებობს.

IRI არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე დასკვნას ვერ დადებს. მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში რაც შეისწავლა, ესაა. ის, თუ რა ხდებოდა 3 800 უბანზე, უბრალოდ IRI-ის მანდატი ასეთი არ იყო, მით უმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე ისეთი წარმომადგენლობითი არ იყო. აქედან გამომდინარე, IRI საუბრობდა იმ ხარვეზებზე, რაზეც ჩვენც ვისაუბრეთ. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი მასშტაბის და სხვათა შორის ამ დასკვნაშიც იყო, რომ გასაჩივრების პროცესებთან ძალიან დიდი ხარვეზები იყო“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.