სერგო ჩიხლაძე - იაგო ხვიჩიამ საკმაოდ შეუსრულებელი მისია დაისახა, ოპოზიციამ არჩევანი ფასილიტატორ ელჩებზე უკვე გააკეთა და იაგოს აქტიურობა ზედმეტი მგონია
სერგო ჩიხლაძე - იაგო ხვიჩიამ საკმაოდ შეუსრულებელი მისია დაისახა, ოპოზიციამ არჩევანი ფასილიტატორ ელჩებზე უკვე გააკეთა და იაგოს აქტიურობა ზედმეტი მგონია

იაგო ხვიჩია ცდილობს, იმაზე მეტი აიღოს თავის თავზე, ვიდრე მას შეუძლია. საკმაოდ შეუსრულებელი მისია დაისახა ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის- ზოგადად, როგორც მომლაპარაკებელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ოპოზიციამ გააკეთა უკვე არჩევანი ფასილიტატორ ელჩებზე. ამიტომ, ბატონი იაგოს აქტიურობა ზედმეტი მგონია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ამასთან, ჩიხლაძე ამბობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების გარეშე პარლამენტში არ შევა.

,,ეს არის გაგრძელება მათი პროპაგანდის, რომ ოპოზიცია დაყოფილია დესტრუქციულ კონსტრუქციულ ნაწილებად და ბატონ ელისაშვილს კონსტრუქციულ ნაწილად მოიაზრებენ. ჩვენ კი საერთოდ არ მოვიაზრებთ ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად. ეს მათი სამთავრობო პროპაგანდაა, რომელსაც ე.წ. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აყვა, მაგალითად, ელისაშვილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ შევა პარლამენტში მოლაპარაკების და შეთანხმების მიღწევის გარეშე, ასევე დიდი ალბათობით, სხვა ოპოიციური პარტიებიც. ამაზე განცხადებაც გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ.

რაც შეეხება მემორანდუმს, მემორანდუმი რაც ბატონ ალეკოს დააჭერინეს ხელში, ეს არის იმაზე უარესი ვარიანტი, ვიდრე მიმდინარეობდა მსჯელობა თუნდაც მეოთხე რაუნდზე. მაგალითად, კომისიების შემადგენლობა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პუნქტი და ა.შ. ეს იმაზე ცუდი ვარიანტია, ვიდრე ოპოზიცია და ხელისუფლება ფასილიტატორი ელჩების საშუალებით თუნდაც მეოთხე რაუნდზე მსჯელობს. ვფიქრობ, ან გააზრებულად გააკეთა ელისაშვილმა ეს, ან უბრალოდ შეატყუეს.

მანდატების გაუქმებამდე უფრო მეტი შანსი იყო, რომ რაღაც შეთანხმება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ორ თებერვლამდე ორი დღეა დარჩენილი და არანაირ მეხუთე რაუნდს არ ვვარაუდობთ. მოლაპარაკებების შესაძლებლობის ეს ფანჯარაც იხურება. აქედან გამომდინარე, ეს პასუხისმგებლობა ადევს ხელისუფლებას, რადგან მან არ გადმოდგა ნაბიჯი. არც ერთი წინადადებით ის არ მოსულა მოლაპარაკებებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა. ხელისუფლებას ამ კრიზისის ფონზე მაინც მოუწევს მოლაპარაკებაზე წასვლა ოპოზიციასთან. კარგი იყო და მეტი შანსი, დროულად მომხდარიყო ეს და დადებითი შედეგით მანდატების განხილვამდე. მანდატების ჩახსნის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ კონსტრუქციული დიალოგი ვაწარმოოთ. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ნებისმიერ მოცემულობაში ჩვენ მზად ვართ, დიალოგისთვის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას დაელაპარაკება და გააცნობს პოზიციას, თუ როგორ წარმოუდგენია მას ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა.