სერგო ჩიხლაძე - „ენდიაის“ კვლევა არ არის ვალიდური და რეალობას არ ასახავს
სერგო ჩიხლაძე - „ენდიაის“ კვლევა არ არის ვალიდური და რეალობას არ ასახავს

ენდიაის“ კვლევა არ არის ვალიდური და რეალობას არ ასახავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიხლაძის შეფასებით, კვლევა აცდენილია რეალობას როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა მიმართულებების თვალსაზრისით.

მისივე თქმით, პარტია „ენდიაის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.

„ეს რიცხვები არავალიდური მეჩვენება, რადგან ასეთი ღია კითხვებით ჩატარებული კვლევებით პოლიტიკური რეიტინგი არ ისაზღვრება. თუნდაც მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს იყო ვალიდური შედეგები და განსაზღვრავდეს რეალობას. პოლიტიკურ ნაწილსაც რომ თავი დავანებოთ, სხვა ნაწილებშიც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მანახეთ ადამიანი, ვინც კმაყოფილია და ეყო ის დახმარება, რომელიც მთავრობისგან მიიღო. აქ საუბარია, რომ თურმე 48 პროცენტი კმაყოფილია მიღებული 100 და 200-ლარიანი დახმარებით. აღარაფერს ვამბობ ვაქცინაციის გეგმაზე. ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის გეგმა მთელ საქართველოში 30 ადამიანს ჰქონდა გაანალიზებული და როგორ შეიძლება, გეგმა, რომელიც საზოგადოებას არ წაუკითხავს, მოსწონდეს. თუ წაიკითხეს, გეგმაში წერია, რომ კვირაში 70 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს და თებერვალში არც ერთი ვაქცინა არ შემოსულა, მაშინ კმაყოფილი როგორღა არიან. ძალიან ბევრი შეუთავსებლობაა.

ენდიაისთან“ გვექნება კონსულტაცია, რადგან აბსოლუტურად აცდენილია რეალობას ეს კვლევა როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა ნაწილშიც. გვექნება კონსულტაციები, იქნებ მეთოდოლოგიურად ისეთი რამ არის, რაც საჯარო ტექსტში არ წერია და შეიძლება, ახსნადი იყოს ეს ყველაფერი.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოთხჯერ ჩავატარეთ ჩვენი კვლევები. კვლევების ცალკე ჩვენი ჯგუფი გვყავს, რომლითაც ვზომავთ რეიტინგებს. ასოლუტურად სხვა რეიტინგებია და მარტო ღია კითხვებით არ იზომება ეს. პირდაპირ ვამბობ, არ არის ეს ვალიდური კვლევა, არ ასახავს რეალობას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიებს ჯამში 7 პროცენტი აქვთ.