სერგო ჩიხლაძე - ელჩების მზაობა, დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია გვაძლევს საფუძველს, რომ მოლაპარაკებები შედგება და წარმატებით დასრულდება
სერგო ჩიხლაძე - ელჩების მზაობა, დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია გვაძლევს საფუძველს, რომ მოლაპარაკებები შედგება და წარმატებით დასრულდება

ხუთივე პუნქტზე თუ მოხდება შეთანხმება, მათ შორის პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ყოველთვის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ზოგჯერ ემთხვევა სხვა პარტიების პოზიციებს, ზოგჯერ არ ემთხვევა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ელჩებთან და ზუსტად მათი მზაობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან, გვაძლევს საფუძველს, რომ მოლაპარაკებები შედგება და წარმატებით დასრულდება. ფორმატი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. ეს იქნება დანიელსონის ფორმატი თუ საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი და სავარაუდოდ რა თარიღებში მოხდება, სავარაუდოდ ამ კვირაში, კვირის ბოლომდე გამოიკვეთება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამი პუნქტის ნაცვლად, ხუთივე პუნქტი იქნება ამ დოკუმენტში და ამის მზაობა არის მათ შორის მედიატორების მხრიდან“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, დიპლომატების პოზიციაა, რომ მოლაპარაკებების თემა იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით დასახელებული ხუთივე პუნქტი.

„ჩვენ კომუნიკაციაში ვართ დიპლომატებთან და მათი პოზიციაც არის, რომ ხუთივე პუნქტი, რომელიც ჯერ კიდევ შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ არის ხელმოწერილი, უნდა იყოს ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ იცის, რომ ოთხი პუნქტით, სამით ან ორით შეთანხმება ვერ მოხდება. ხუთივე პუნქტზე უნდა იყოს გადაწყვეტა, აქ უნდა ვნახოთ ჩვენ კომპრომისები და მე ორივე მხარის, ოპოზიციისა და ხელისუფლების იმედი მაქვს. „სტრატეგია აღმაშენებელი ყოველთვის იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ხუთივე პუნქტზე თუ მოხდება შეთანხმება, მათ შორის პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ყოველთვის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ზოგჯერ ემთხვევა სხვა პარტიების პოზიციებს, ზოგჯერ არ ემთხვევა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.