სერგო ჩიხლაძე - დღევანდელი აქციის გზავნილებს ვიზიარებთ, ამიტომ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, პირადად მეც, მონაწილეობას მივიღებთ, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს
სერგო ჩიხლაძე - დღევანდელი აქციის გზავნილებს ვიზიარებთ, ამიტომ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, პირადად მეც, მონაწილეობას მივიღებთ, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული დღევანდელი აქციის პოლიტიკურ გზავნილებს სრულად იზიარებს, რის გამოც აქციაში მონაწილეობას მიიღებს.

„დღევანდელი აქციის ძირითადი გზავნილები არის ამ ქვეყანაში პოლიტდევნის შეწყვეტა, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, სასამართლო რეფორმის არსებობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. ამ პოლიტიკურ გზავნილებს სრულად ვიზიარებთ, აქედან გამომდინარე, ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, აქტივისტი, მეც პირადად, ამ აქციაში მონაწილეობას მივიღებთ.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული ინტერესების აქცია და არავინ მანდატების ფრიალს არ აპირებს, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველამ, ვინც ამ გზავნილებს იზიარებს, მიიღოს მონაწილეობა, რადგან ეს არ არის ვიწროპარტიული აქცია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ აქციის ორგანიზატორი არ არის, არც ლოჯისტიკაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ბრალის, თუ უდანაშაულობის დამტკიცება უნდა მოხდეს თავისუფალ, სამართლიან და არა კლანურ, ჩინჩალაძის სასამართლოში“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.