სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილს „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ არგუმენტები თუ აქვს, წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოპოზიციის ერთიანობის ჩაშლის მცდელობაა
სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილს „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ არგუმენტები თუ აქვს, წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოპოზიციის ერთიანობის ჩაშლის მცდელობაა

მე ოპოზიციური პარტიების შეკრებებს ვესწრები, ასევე ელჩებთანაც რამდენჯერმე ვიყავი გიორგი ვაშაძესთან ერთად და დავით ბაქრაძეს არსად დესტრუქციული ქმედება არ ჩაუდენია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგი ჩიხლაძემ ალეკო ელისაშვილის მიერ „ევროპული საქართველოს“ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ალეკო ელისაშვილს კონკრეტული არგუმენტები აქვს, უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიციის ერთიანობის ჩაშლის მცდელობაა.

„არ ვიცი, ალეკო ელისაშვილი რაზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს. მე ოპოზიციური პარტიების შეკრებებს ვესწრები, ასევე ელჩებთანაც რამდენჯერმე ვიყავი გიორგი ვაშაძესთან ერთად და დავით ბაქრაძეს არსად დესტრუქციული ქმედება არ ჩაუდენია. დესტრუქციული ქმედებები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. ალეკო ელისაშვილმა გუშინ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. რაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ განცხადებებს, მან უნდა განმარტოს.

ეს ოპოზიციაში ერთიანობას და თანხმობას არ ემსახურება. თუ შესაბამისი არგუმენტები აქვს, უნდა წარმოადგინოს. ჰაერზე რომ არ ვილაპარაკოთ, რომ ვიღაცა რაღაცას შლის. თუ რამე კონკრეტული პრეტენზიები და არგუმენტები აქვს, ეს ბატონ ალეკოსაც ეხება და სხვასაც, უნდა წარმოადგინოს, წინააღმდეგ შეთხვევაში, ეს ოპოზიციის ერთიანობის ჩაშლის მცდელობაა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ ვადამდელი არჩევნები არ სურს და მისი ლიდერები შეთანხმების ჩაშლას ცდილობენ.