სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილმა თავი დაანებოს ოპოზიციის დისკრედიტაციას და მიხედოს იმ ორ თბილ ადგილს, რომელიც პარლამენტში მოიპოვა
ალეკო ელისაშვილმა თავი დაანებოს ოპოზიციის დისკრედიტაციას და მიხედოს იმ ორ თბილ ადგილს, რომელიც პარლამენტში მოიპოვა, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის დღევანდელი მოწოდება პარტიებისადმი.
„ბატონი ელისაშვილი, არ ვიცი, ამ ქვეყანაში ცხოვრობს? ადევნებს თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს? მზად რომ ვყოფილიყავით და მოგვწონებოდა ეს შეთანხმება, მოვაწერდით ხელს. რომ არ მოვაწერეთ, ესე იგი, არ მოგვწონს, მიუღებელია და მათ შორის მედიატორისთვისაც მიუღებელია ცარიელ პუნქტებზე ხელის მოწერა.
აქედან გამომდინარე, ბატონი ელისაშვილი თავს იტყუებს, ჩვეულ დემაგოგიას მიმართავს და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. თავი დაანებოს ამ დემაგოგიას და მიხედოს იმ თავის ორ ადგილს, თბილ ადგილს, რომელიც პარლამენტში მოიპოვა, დაანებოს ოპოზიციის დისკრედიტაციას თავი“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს პარტიებს მიმართა, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირონ, მზად არიან თუ არა, ხელი მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს. ელისაშვილი გამოეხმაურა რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.