სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ყოველი გადაშორებული კვირა, არის ჩიხისკენ გადადგმული მეტი ნაბიჯი, რაც მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ყოველი გადაშორებული კვირა, არის ჩიხისკენ გადადგმული მეტი ნაბიჯი, რაც მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ვერ შეთანხმდა შიგნით, რა წინადადებით მოვიდნენ მაგიდასთან, თუმცა დასავლეთიდან შეცვლილმა რიტორიკამ, მათ განცხადებები მაინც გააკეთებინა, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მაგრამ კონკრეტულ წინადადებაზე გუნდის შიგნით ვერ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი აჭიანურებს მოლაპარაკებებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დავადასტურეთ მზაობა მორიგი რაუნდისთვის. ფასილიტატორმა ელჩებმაც იციან ეს ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჭიანურდება. დიდი იმედი გვქონდა, რომ ეს 25 დეკემბრამდე მოხდებოდა, თუმცა როგოც ჩანს, გადაიწევს მომდევნო წლის იანვარში. რა თქმა უნდა, პროცესი ზიანდება და ყოველი გადაშორებული კვირა ეს არის კიდევ მეტი ნაბიჯი ჩიხისკენ გადადგმული. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ვერ შეთანხმდა შიგნით, რა წინადადებით მოვიდნენ მაგიდასთან, თუმცა შეცვლილმა რიტორიკამ დასავლეთიდან მათ განცხადებები მაინც გააკეთებინა, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მაგრამ კონკრეტულ წინადადებაზე, ჩვენი ინფორმაციით, ვერ შეთანხმდნენ გუნდის შიგნით“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ „ისფედში“ მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი კითხვის ნიშანია.

„ხელისუფლებასთან პრივატული შეხვედრის შემდეგ აღმოჩნდა ეს ცდომილება, ხელისუფლებამ დროზე ადრე გაიგო ამის შესახებ და ა.შ. მაგრამ ეს პროცესებზე ვერ მოახდენს გავლენას, რადგან „ისფედი“ არასოდეს იყო მთავარი არგუმენტი ოპოზიციის ხელში. „ისფედი“ არის პარალელური დათვლა. „ისფედი“ არ ითვლის იმ ცდომილებებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს როგორიცაა გაყალბება, მოსყიდვა, შანტაჟი, კარუსელი ამას „ისფედი“ არ ითვლის. ეს დაადასტურა აშშ-ის ელჩმაც, რომ ეს დარღვევები არის და ამ დარღვევებთან „ისფედს“ საერთოდ კავშირი არ აქვს. რატომ ვსაუბრობთ „ისფედზე“, როდესაც საუბარია კარუსელზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა გაყალბების მეთოდებზე. ასე, რომ ოპოზციის პოზიციაზე ეს გავლენას არ ახდენს. თუ რამე კრიმინალური ან საეჭვო არის, ამისთვის არის გამოძიება და მიმართოს ხელისუფლებამ, თუ აქვს ამის რამე მტკიცებულება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.