სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „სტრატეგია აღმაშნებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში თაკო ჩარკვიანის 87 კონტაქტია მოძიებული, რომლებისთვისაც ტესტირების ჩატარება დღეისთვისაა დაგეგმილი.

„გუშინ ჩვენი პარტიის წევრს თაკო ჩარკვიანს დაუდასტურდა „კოვიდ19“,  შესაბამისად სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება და  დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყველა პირის სავარაუდო კონტაქტები მივაწოდეთ. გიორგი ვაშაძემ ანტისხეულებზე როგორც „პისიარ“, ასევე სწრაფი  ტესტირება ჩაიტარა. პასუხი არის  უარყოფითი. შედგენილია 87-კაციან პირთა სია, რომელიც გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრში და შესაბამისად, დღეს უკვე დაგეგმილია 11 საათიდან ტესტირება. შესაბამისი პასუხები ხვალ იქნება ცნობილი. ასევე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დაავადებათა ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს და ჩვენთან კოორდინაციით დაიგეგმა დეტალურად დღეს  ვის ან  როდის ჩაუტარდება ტესტი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, რამდენად არის მზად, გაუმკლავდეს კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს.

„გეომეტრიული პროგრესიით იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი და შესაბამისად, ეს მოითხოვს ძალიან გამართულ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან. მოვითხოვთ, ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინოს ანგარიში, როგორ არის მომზადებული და დეტალურად გვითხრას, რამდენი საწოლია, სად არის გადანაწილებული ტესტები, როგორი მარაგები გვაქვს, რამდენ ლოკაციაზე კეთდება ტესტები, როგორ ხდება მობილური ლოკაციების შექმნა. ყველა ამ საკითხზე მოვითხოვთ დეტალურ ანგარიშს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და თუ საჭიროა, ჩვენც შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ საქმეში“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

დატოვე კომენტარი