სერგი კაპანაძის ინფორმაციით, მარნეულში, ბილბორდის გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი საფანტით დაჭრეს
სერგი კაპანაძის ინფორმაციით, მარნეულში, ბილბორდის გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი საფანტით დაჭრეს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, მარნეულში, პლაკატის გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი რამილ აბდულაევი დაჭრეს.

კაპანაძის თქმით, ეს პიროვნება ხელახლა აკრავდა პლაკატს, რომელიც არალეგალურად ჩამოხსნა ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა. კაპანაძის განმარტებით, ამ დროს აქტივისტს საფანტი ესროლეს და დაჭრეს.

„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, როგორ ესხმის „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აქტივისტებს, მათ შტაბებს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ძალადობის აქტივიზაცია მოახდინონ არჩევნების წინ.
ზუსტად იგივე განმეორდა დღეს მარნეულში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის შტაბის ერთ-ერთ წევრთან მიმართებით. ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტი, რამილ აბდულაევი აკრავდა ბილბორდს, რომელიც მანამდე არალეგალურად ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ“ და ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა. ამ გაკვრის პროცესში მას ესროლეს ტყვია, ანუ საფანტი და დაჭრეს. ახლა იმყოფება საავადმყოფოში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ აგონიაშია და თუ ჰგონიათ, რომ საფანტისა და ქვების სროლით და სხვა ტიპის ძალადობით რაიმე პრობლემას მოაგვარებენ და მით უმეტეს, ხალხს შეაშინებენ, ძალიან ცდებიან.

ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი აგონია. ჩვენ ამას ვეგებებით მშვიდად. ყველა ამ ინფორმაციას, ბუნებრივია, მივაწვდით დამკვირვებლებს, მაგრამ აქვე მინდა, ვუთხრა მათ, რომ ისინი ასეთი ნაბიჯების გამო აუცილებლად დამარცხდებიან და ვერც საფანტის, ვერც ტყვიის და ვერც ქვების სროლა ვერ უშველის ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.