სერგი კაპანაძემ დასამტკიცებლად საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია წარადგინა
სერგი კაპანაძემ დასამტკიცებლად საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია წარადგინა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად  კომისიაზე ახსნა-განმარტებებისთვის დასაბარებელ პირთა სია წარადგინა.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული საქმის სათავეებთან მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დგას და საზოგადოებამ მას დაუჭირა მხარი, სია სარალიძით და მისი ოჯახის წარმომადგენლით უნდა იწყებოდეს.

შესაბამისად, კაპანაძის მიერ შეთავაზებულ სიაში არიან: ზაზა სარალიძე – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ნესტან ლონდარიძე – დავით სარალიძის ადვოკატი, დავით დადუნაშვილი – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ხათუნა მაღლაკელიძე – დადუნაშვილის ოჯახის წარმომადგენელი, კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, ასევე, საქმეში გიფურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები და საქმის სხვა მოწმეები.

„საქმის სხვა მოწმეებთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ ამ საქმეში ბევრი მოწმეა, რომელთა მოყვანა ახსნა-განმარტების მიზნით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამასთან დაკავშირებით, ასევე თავისი მოსაზრებები გააჩნია, როგორც დაზარალებულთა  ოჯახებს,  ისე სახალხო დამცველს და ჩვენც გვექნება კონკრეტული იდეები, რომელი მოწმეები უნდა მოვიყვანოთ კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის. ამიტომ დაკონკრეტების გარეშე ვთქვათ, რომ მოწმეები იქნებიან დაბარებული, შემდეგ უკვე ცალკე შევთანხმდეთ ვინაობაზე“, – მიმართა სერგი კაპანაძემ კომისიის წევრებს.

მისივე თქმით, ასევე სიაში არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები – მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე  – ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს წარმომადგენელი – კახა სირაძე და გამომძიებლები – ანზორ ჟამერაშვილი, გიორგი ტაბატაძე, ირაკლი ფიფია, ირაკლი ცაგურია, ლარისა ვისინა, მირიან ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი, გიორგი ბაძგარაძე.

ასევე, საქართველოს პროკურატურიდან: ყოფილი მთავარი პროკურორი – ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ამჟამად – მამუკა ვასაძე, თბილისის  პროკურორი – მალხაზ კაპანაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე  – კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები: ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი  – მიხეილ შაყულაშვილი, ასევე, გიორგი გაბოძე.

„ესენი არიან პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე მთელი ვერტიკალი, რომელიც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ჩემი აზრით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ისევ და ისევ ამ ვერტიკალიდან და ანგარშვალდებულების ჯაჭვიდან გამომდინარე“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძის მიერ წარდგენილ კომისიაზე დასაბარებელთა სიაში არიან –  ექსპერტები: სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, ტატუნაშვილი გულნაზი, მაია ნიკოლეიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

კაპანაძის თქმით, სია არასრულია და კომისიის მუშაობის პროცესში, შესაძლოა, დაიხვეწოს და განახლდეს.