სერგი კაპანაძე - ყველაზე მთავარი, რაც ბიძინა ივანიშვილის გზავნილში დავინახეთ, იყო ის, რომ წარმოდგენა არ აქვს, რატომ დამარცხდა არჩევნებში
სერგი კაპანაძე - ყველაზე მთავარი, რაც ბიძინა ივანიშვილის გზავნილში დავინახეთ, იყო ის, რომ წარმოდგენა არ აქვს, რატომ დამარცხდა არჩევნებში

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სასოწარკვეთილი ლიდერის განცხადება იყო, რომელიც ერთის მხრივ ლაპარაკობს იმაზე, რომ რევანშის საფრთხეა, მეორეს მხრივ თვითონ მის გზავნილში რაღაც ძალადობაზე საუბრობს,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა.

„ეს იმ პოლიტიკური ძალის ლიდერია, რომელმაც ახალქალაქში ასეთი ძალადობა მოაწყო და რომლის პოლიტიკური გუნდის წევრები სამოქალაქო ომზე გვესაუბრებიან. ყველაზე მთავარი, რაც ამ გზავნილში დავინახეთ, იყო ის, რომ მას ისევ და ისევ წარმოდგენა არ აქვს ამ არჩევნებში რატომ დამარცხდა.

ის არ საუბრობს არც კონკრეტულ რეფორმებზე, არც იმ გაჭირვებაზე, რომელიც მისი გუნდის მმართველობამ მოიტანა და არც კონკრეტულ გზებზე, როგორ შეიძლება ეს დაძლეული იყოს.

ისევ საუბარია ძალადობის ენით, ისევ საუბარია დაპირისპირებაზე და რაც მთავარია, ყველამ კარგად დავინახეთ, როგორი შეშინებული და როგორი სასოწარკვეთილია.

ამიტომ, ის დამარცხებული პოლიტიკური გუნდის ლიდერის განცხადებაა. ამ შედეგს მეორე ტურის შემდეგ კიდეც მიიღებს“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.