სერგი კაპანაძე - ყველა ადამიანს, რომელიც ასრულებს უკანონო ბრძანებას, უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მშრალად ვერ გამოძვრება
სერგი კაპანაძე - ყველა ადამიანს, რომელიც ასრულებს უკანონო ბრძანებას, უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მშრალად ვერ გამოძვრება

არ მგონია, ეს მუქარა იყოს, ეს არის გაფრთხილება, რადგან ყველა ადამიანს, რომელიც ასრულებს უკანონო ბრძანებას და რომელიც თავის მოქალაქეებზე ძალას იყენებს, უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ისინი აქედან მშრალად ვერ გამოძვრებიან, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გიგი უგულავას პოლიციელებისადმი მიმართვა.

მიისივე თქმით, პოლიციელი, რომელიც უკანონო ბრძანებას მიიღებს, შესრულებაზე უარს უნდა ამბობდეს.

„ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგნი ვართ ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების და ვინმეს კრიმინალად ან დამნაშავედ შერაცხვის თავისუფალი სასამართლოს გარეშე. ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. როდესაც მიიღებს უკანონო ბრძანებას, უარი უნდა თქვას მის შესრულებაზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ხელისუფლება, როგორ დადგება პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი“, კაპანაძემ განაცხადა, რომ რიგითი სამართალდამცველის პასუხისმგებლობა არ დადგება და ამ თვალსაზრისით ნათქვამი არასწორად არის გაგებული.

„რიგითი სამართალდამცველის პასუხისმგებლობა კი არ დადგება, ეს კი არ იქნება ამოცანა, რომ მასობრივად დაიწყება სამართალდამცველების გასამართლება, ასეთი ინტერპრეტაცია სისულელე და წარმოუდგენელია. აქ საუბარია, რომ მათ უნდა ესმოდეთ თავიანთი პასუხისმგებლობის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეასრულებენ უკანონო ბრძანებას, როგორც აქ, პარლამენტის წინ 20 ივნისს ასრულებდნენ უკანონო ბრძანებას, თვალები დასთხარეს და არავინ დასჯილი არ არის. ის ადამიანები, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ. ოღონდ ეს უნდა მოხდეს დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში. ყველა უკანონო ბრძანების შემსრულებელი საბოლოო ჯამში თავისუფალი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოს მეშვეობით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს მიმართა:

„ერთი კაცის დასაჭერად მოსული 3 600 ადამიანი – ეს პოლიცია არ არის, ეს არის უკვე ბანდა და საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა.  ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანი, ღირსების ნაცვლად, აღმოჩნდა უღირსობის მორევში. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს არის ფაქტი. მონა, რომელიც თავისუფლებისთვის არ იბრძვის და მონად დარჩება, ქართულ პოლიციაში მისი ადგილი არ არის და ის ზონდერი, თქვენ უკან რომ იმალება, მისი ადგილი სად არის, ძალიან კარგად ნახავს თვითონ ძალიან მალე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.