სერგი კაპანაძე - ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რომ კანონდამრღვევი ადამიანები სანქცირების სიაში მოხვდნენ, როგორც მინიმუმ, შენგენის ქვეყნებში მოგზაურობა შეეზღუდოთ
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, სიაში, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ღიად არღვევენ კანონს და აფარებენ ხელს კანონდამრღვევებს.
კაპანაძის თქმით, ოპოზიცია იმუშავებს, რათა ასეთი ადამიანები პარტნიორების სანქცირების სიაში მოხვდნენ და როგორც მინიმუმ, მათ შენგენის ქვეყნებში მოგზაურობა შეეზღუდოთ.
„ეს სია არის უფრო 20 ივნისის სია, ვიდრე შავი სია. ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ღიად არღვევენ კანონს, ღიად აფარებენ ხელს კანონდამრღვევებს, მაგალითად, ისეთი ადამიანები, რომლებიც თვალს თხრიან ახალგაზრდებს. ის ადამიანები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, სცემენ აქტივისტებს და ისინი, რომლებიც მათ ბრალს არ უყენებენ ან ბრალს უყენებენ დაზარალებულს, ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის ჩამდენს წაუყენონ ბრალი. ასეთი ფაქტები უკვე ბევრი დაგროვდა, მათ შორის არიან მოსამართლეებიც, რომლებიც პირდაპირ კონვეირული წესით განიხილავენ მსგავს საქმეებს. ამიტომ, ეს სანქცირების სია ამ მიზანს ემსახურება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეს ადამიანები, ასევე ისინი, რომლებიც თავისი რესურსების გამოყენებით, ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნით იყენებდნენ სოციალურ ქსელებს, ჩვენი პარტნიორების სანქცირების სიაში მოხვდნენ. როგორც მინიმუმ, ის შეიძლება გაკეთდეს, რომ მათ შენგენის ქვეყნებში მოგზაურობა შეეზღუდოთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავი სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.