სერგი კაპანაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია სასამართლოში ჩინჩალაძის კლანის დაკანონებაა
სერგი კაპანაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია სასამართლოში ჩინჩალაძის კლანის დაკანონებაა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა, სასამართლოში ჩინჩალაძის კლანის დაკანონებაა, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ ივანიშვილის კონტროლის ჩაცემენტებას, მეორე მხრივ, კი კორუფციას ნიშნავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ტრანსფარანტულობის მხრივ, სერიოზული პრობლემები და ნაკლოვანებები აქვს.

„ეს კანდიდატები როგორ იყო შერჩეული, სრულიად გაუგებარია, მაგრამ პარლამენტს იმისი ბერკეტები აქვს, რომ კანდიდატები სათითაოდ შეისწავლოს, ისინი გაფილტროს, თითოეულ მათგანთან მოსმენა ჰქონდეს. ეს როგორც სამუშაო ჯგუფის, ასევე კომიტეტის ფორმატში და პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ იყოს მიღებული. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გავარკვიოთ ამ კანდიდატებიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას რომელი იმსახურებს და რომელი არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სასამართლოში პოლიტიკურად მართული და კორუმპირებული ჩინჩალაძის კლანის დაკანონება იქნება”, – განაცხადა კაპანაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გუშინ გაასაჯაროვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.