სერგი კაპანაძე - თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, საერთო მოთხოვნების გვერდის ავლით შევიდეს პარლამენტში, ისინი გადაიხდიან ფასს, რასაც საზოგადოება აწესებს პროცესზე
სერგი კაპანაძე - თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, საერთო მოთხოვნების გვერდის ავლით შევიდეს პარლამენტში, ისინი გადაიხდიან ფასს, რასაც საზოგადოება აწესებს პროცესზე

ნათელია საზოგადოების პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა გაამართლონ გაყალბებული არჩევნები, თუ ელისაშვილი აპირებს, ეს გააკეთოს, ვერავინ ვერავის დააკავებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ალეკო ელისაშვილის განცხადებები დანარჩენი ოპოზიცური პარტიების ერთობას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა, რომ დანარჩენი პარტიების პოზიცია ცნობილია და ისინი აგრძელებენ ბრძოლას იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც აქამდე ჰქონდა წაყენებული ოპოზიციას.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა გადაწყვეტს, საერთო მოთხოვნების გვერდის ავლით შევიდეს პარლამენტში, ისინი გადაიხდიან იმ ფასს, რაც საზოგადოებას აქვს დაწესებული ამ პროცესზე. კაპანაძის განცხადებით, ერთი ან ორი პოლიტიკოსის შესვლა პარლამენტში არ იქნება ამ ინსტიტუტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება.

„დანარჩენი პარტიების პოზიცია ცნობილია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც აქამდე გვაქვს წაყენებული და თუ რომელიმე ადამიანი, ცალკე აღებული, ან რომელიმე პარტია გადაწყვეტს, ამ საერთო მოთხოვნების გვერდის ავლით შევიდეს პარლამენტში სხვა რამის გამო, ისინი ფასს, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, რასაც საზოგადოება აწესებს პროცესზე, იმას გადაიხდიან. ძალიან ნათელია საზოგადოების პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა გაამართლონ გაყალბებული არჩევნები. თუ ელისაშვილი აპირებს, ეს გააკეთოს, ვერავინ ვერავის დააკავებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ერთი ადამიანი, რომელიც პარლამენტში ივანიშვილის თამაშს ითამაშებს, არ იქნება ლეგიტიმაციის მიცემა. არავისთვის არ იქნება ეს ლეგიტიმური პარლამენტი, მიუხედავად იმისა, თუ ერთი კონკრეტული, თუ ორი ადამიანი რას გადაწყვეტს და გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის თამაში გააგრძელოს პარლამენტში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.