სერგი კაპანაძე - სერგეი ლავროვმა და მისმა გუნდმა ვერ მიაღწიეს ვერც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას
სერგი კაპანაძე - სერგეი ლავროვმა და მისმა გუნდმა ვერ მიაღწიეს ვერც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პროცესი რუსეთს ბოლომდე ჩაუვარდა, ამხანაგი ლავროვის განცხადება და შეფასება ძალიან შორს არის რეალობისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ „აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია“.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ლავროვმა და მისმა გუნდმა ვერ მიაღწიეს ვერც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას.

„ჩვენ ვნახეთ ამხანაგი ლავროვის განცხადება და შეფასება, რომელიც ძალიან შორს არის რეალობისგან. რეალურად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პროცესი ბოლომდე ჩაუვარდა რუსეთს. ის ქვეყნები, რომლებიც ლავროვმა ჩამოთვალა, რომ აღიარეს, აღარ არიან ამ სიაში. მათგან ვანუატუმ და ტუვალუმ უკან წაიღეს აღიარება, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში, როგორიც არის ვენესუელა და ნიკარაგუა, როგორც კი რეჟიმები შეიცვლება, ისევე, როგორც ნაურუში, ისინიც უკან წაიღებენ აღიარებას. პრაქტიკულად, აღიარების ეს პროცესი წარუმატებელია. მით უმეტეს, რომ ლავროვმა და მისმა გუნდმა ვერ მიაღწიეს ვერც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. რუსეთი მეგობრული არის მხოლოდ ამღიარებელთა შორის. რაც შეეხება აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს შემდგარობას, ეს სასაცილოა, ეს არის წარმონაქმნი, რომელიც ბოლომდე ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

სერგი კაპანაძის თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორ არის დამოკიდებული ოკუპირებული აფხაზეთი რუსულ ფინანსებსა და სამხედრო ყოფნაზე, შესაბამისად, ლავროვის განცხადების მიზანი, მისი თქმით, საკუთარი მოსახლეობის მორიგ ჯერზე მოატყუებაა.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ ე.წ. არჩევნების პირველ ტურსაც გამოეხმაურა.

„ეს არჩევნებიც მორიგი ფარსი იყო იქამდე, სანამ რამდენიმე ასეული ადამიანი დევნილია. ჩვენი თანამოქალაქეები, ეთნიკური წმენდის შედეგად გამოგდებული არიან. ვერანაირი ლეგიტიმურობა, ელემენტარულიც კი, ამ პროცესს ვერ ექნება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებიც პასუხისმგებლობის ელემენტარულ გრძნობას ატარებს და საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს, გმობს ამ ე.წ. არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს. ის, რომ რუსეთი ცდილობს ამ ყურმოჭრილი ევროპელი დეპუტატებისა და თუ პოლიტიკოსების იქ ჩაყვანით აჩვენოს, რომ რაღაც ლეგიტიმურობა არსებობს, ეს არასერიოზულია და არც ერთი ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფო ამას ვერ აღიქვამს როგორც ლეგიტიმურ არჩევნებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.