სერგი კაპანაძე - საქართველოში დემოკრატიაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ საუბრობს
სერგი კაპანაძე - საქართველოში დემოკრატიაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ საუბრობს

საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ საუბრობს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზული გავლენიანი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დემოკრატიის კუთხით ქვეყანაში პრობლემაა.

„მე მოვიყვანე ციტატები საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, სადაც საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე არის საუბარი. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ საქართველოში დემოკრატიაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ საუბრობს, სერიოზული გავლენიანი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით პრობლემაა. საუბარია, პირველ რიგში, არაფორმალურ მმართველობაზე, მედიის, სასამართლოს თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაზე და ზოგადად, მცდელობებზე სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, მოირგოს კონსტიტუცია და გაიხანგრძლივონ მმართველობა. განვაცხადე, რომ მათ არ აქვთ პრობლემების მოგვარების თაობაზე პასუხი და არც გამოსავალი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს სესიით – „საქართველოში განხორციელებული რეფორმები და დემოკრატიის კონსოლიდაცია” გაგრძელდა.

დატოვე კომენტარი