სერგი კაპანაძე - სადავო მონაკვეთები, რომლებიც ეხება დავით გარეჯს, ბერთუბანს, სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებს, აზერბაიჯანთან შეთანხმების გზით უნდა გადაწყდეს
სერგი კაპანაძე - სადავო მონაკვეთები, რომლებიც ეხება დავით გარეჯს, ბერთუბანს, სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებს, აზერბაიჯანთან შეთანხმების გზით უნდა გადაწყდეს

სადავო მონაკვეთები, რომლებიც ეხება დავით გარეჯს, ბერთუბანს, სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებს, უნდა გადაწყდეს შეთანხმების გზით აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ დავით გარეჯზე საუბრისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, დავით გარეჯის საკითხი წინასარჩევნო თემაა, რომლითაც წინა ხელისუფლების დემონიზებას ცდილობენ.

„ჩვენ მომხრე ვიქნებით, რომ სასაზღვრო ხაზი, რომელიც დადგენილია 1938 წლის რუკებით, გაჰყვეს მაგ რუკებს და შეთანხმებას. თუ ეს შეთანხმება მოიშლება, მაშინ გაცილებით მეტს წავაგებთ, ვიდრე მოვიგებთ. სხვა რა დამატებითი რუკები უნდა იყოს გამოყენებული? 200 ათასიან რუკასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტი არის, რატომ არის უვარგისი. ვერავისგან ვერ მოვისმინე, რატომ არის კარგი. ამაზე მხოლოდ ზედაპირული განცხადებები მოვისმინე. საუბარი იმაზე, რომ კიდევ რაღაც სხვა რუკები აქვთ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. ამბობენ, რომ აქვთ, მაგრამ რა რუკები აქვთ, ვერაფერს გეტყვით. იმ შეთანხმების ხაზის მორღვევა იქნება უდიდესი შეცდომა. ეს თემა წინასაარჩევნოდ არის გამოგდებული, რომ ქულები ჩაიწერონ და წინა ხელისუფლების დემონიზება მოხდეს. ამ ყველაფერს დავით გარეჯთან მიმართებაში საერთო არაფერი არ აქვს. წარდგენილ ბრალში დავით გარეჯი საერთოდ არ ფიგურირებს. ეს სასაზღვრო მონაკვეთი უნდა შეთანხმდეს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გზით. ის რაც შეთანხმებულია, შეთანხმებულია, რადგან არ იყო კონკრეტული სადაო საკითხები. რაც იყო, შეთანხმდა კომისიის დონეზე, არა ხელისუფლებების დონეზე, დარჩენული სადაო მონაკვეთები, რომელიც ეხება დავით გარეჯს, ბერთუბანს, სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებს, უნდა გადაწყდეს შეთანხმების გზით აზერბაიჯანთან“, – განაცხადა კაპანაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ ეს არის პრიორიტეტული ტერიტორიები, რადგან დავით გარეჯი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ისტორიულადაც, კულტურულადაც და რელიგიურადაც.

„უბრალოდ, საბჭოური რეალობაა, რომ ამ ძეგლების ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ამიტომ ეს უნდა შეთანხმდეს მოლაპარაკებების გზით, ეს შეუთანხმებელი ნაწილები დეიურე გახდეს და ჩვენს ტერიტორიაზე იყოს. შეთანხმება იმას გულისხმობს, რომ დათმობა სადღაც უნდა მოხდეს, სხვა გამოსავალი ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის არ არსებობს. გამოსავალია წავიდეთ საერთაშორისო სასამართლოში და მის გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული. ყველაზე ცუდია, რომ ორ უდანაშაულო ადამიანს იჭერ, რომ პოლიტიკური მიზნები იყოს დაკმაყოფილებული ისე, რომ მოლაპარაკებებს საფრთხის ქვეშ აგდებ. თუ ხელისუფლება რამე ახალ რუკაზე საუბრობს, რომელიც არ არსებობდა, არ ვიცი, თუ იმ ავადსახსენებელ 200 ათასიან რუკებზე საუბრობს, რომელსაც ბევრი ობიექტური პრობლემა აქვს, ეს ორი სხვადასხვა საკითხია. ძველი რუკა არსად დამალული არ იყო, არსებობდა, მიზანშეწონილი არ იყო მისი გამოყენება, მისი გამოყენების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან ბევრ რამეს დავაზიანებთ“, – განაცხადა კაპანაძემ.