სერგი კაპანაძე - საარჩევნო რეფორმაზე პროგრესი შესაძლებელია, თუმცა ჯერ პოლიტიკური დევნის პრობლემა უნდა მოგვარდეს
სერგი კაპანაძე - საარჩევნო რეფორმაზე პროგრესი შესაძლებელია, თუმცა ჯერ პოლიტიკური დევნის პრობლემა უნდა მოგვარდეს

ოპოზიციის დამოკიდებულება საარჩევნო რეფორმის მიმართ რჩება ზუსტად იგივე, რაც აქამდე იყო, ოპოზიციაში არაფერი არ შეცვლილა, მიგვაჩნია, რომ პროგრესი ისევე არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის ივანიშვილმა უნდა მოაგვაროს პოლიტიკური დევნის პრობლემები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„მოლაპარაკება უნდა იყოს ისეთი მოდელის ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პროპორციულთან მიახლოებული სისტემის შექმნას. ამის მოდელები განიხილება და ალბათ აქ შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. ივანიშვილმა უარი უნდა თქვას იმ პრინციპზე, რომ მოსახლეობის მესამედის, ან მცირე მხარდაჭერით შექმნას ერთპიროვნულად მთავრობა. ეს არის სრულიად მიუღებელი. აქ საქმე არ ეხება მარტო „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც მიიღებს მცირე მხარდაჭერას, არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას ერთპიროვნულად მთავრობა. ეს არის ჩვენი, ოპოზიციის მოთხოვნა და ამის ირგვლივ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. ვადა ჯერ კიდევ არის და ახლა ბურთი ივანიშვილის მოედანზეა. ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებთანაც გავაგრძელოთ საუბარი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ყველა კვლევამ აჩვენა, რომ პროპორციული ან მიახლოვებული მოდელის მოთხოვნა არის საზოგადოების მოთხოვნა.

„ჩვენ გვაქვს ასევე გეგმა ბე, რომელზეც ვმუშაობთ ძალიან დიდი ხანია, რაც გულისხმობს მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების კოორდინირებას, რათა ერთიანი ფრონტით, თითო კანდიდატი დავუპირისპირდეთ ივანიშვილს და ამ გზით დავამარცხოთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.