სერგი კაპანაძე რუსეთის მთავრობის მხრიდან საქართველოში სპონსორობის შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის
სერგი კაპანაძე რუსეთის მთავრობის მხრიდან საქართველოში სპონსორობის შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან საქართველოში სპონსორობა შეიზღუდოს. სერგი კაპანაძემ შესაბამისი ცვლილებები „რეკლამის შესახებ” კანონში მოამზადა, რომლის ინიცირება 20 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობას ან მის წარმომადგენელს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომელთა მოქმედი ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი, სპონსორობის განხორციელება შეეზღუდებათ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 – 2018 წლების ანგარიშების მიხედვით, ქვეყნის ერთ-ერთ საფრთხედ დასახელებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა, რომელიც მიზნად ისახავს ანტიდასავლური ღირებულებების გაღვივებასა და ნიჰილიზმის დათესვას.

რუსული რბილი ძალა მზარდ პრობლემას წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, რაც არაერთხელ აღინიშნა საქართველოს პარტნიორი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორებიცაა ევროსაბჭო, ევროპარლამენტი. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება რეკომენდებულია ზემოაღნიშნული საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეფექტურად არის განხორციელებული საქართველოს მეგობარი მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, სერგი კაპანაძე კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის, რუსეთის ფედერაციის მთავრობას ან მასთან დაკავშირებულ სუბიექტს მაუწყებლის დაფინანსება აეკრძალოს და მაუწყებელი ვალდებული იყოს, იმ პირთა ვინაობა გახადოს საჯარო, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ან მასში რეგისტრირებული იურიდიული პირები და რომელთა დაკვეთითაც მაუწყებელში ბოლო სამი თვის განმავლობაში განთავსდა რეკლამა, ტელეშოპინგი, განხორციელდა სპონსორობა ან შემოწირულობა.