სერგი კაპანაძე - რუსეთის ინტერესია, საქართველოში სახელმწიფოებრიობა დასუსტდეს და ოკუპაცია არ იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე
სერგი კაპანაძე - რუსეთის ინტერესია, საქართველოში სახელმწიფოებრიობა დასუსტდეს და ოკუპაცია არ იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე

რუსეთის ინტერესია, საქართველოში სახელმწიფოებრიობა დასუსტდეს, ოკუპაცია არ იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე და რუსეთზე არ იყოს წნეხი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიზნების მიღწევას საქართველოს ხელისუფლება არაგონივრული საგარეო პოლიტიკით ხელს უწყობს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი სტილისა და შინაარსის, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს, რადგან მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი – საქართველოში სახელმწიფოებრიობა იყოს დასუსტებული, ოკუპაცია არ იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე და რუსეთზე არ იყოს წნეხი. სამწუხარო ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლების მიზნებს ეხმარება საქართველოს ხელისუფლება. ეხმარება თავისი არაგონივრული საგარეო პოლიტიკით, ეხმარება იმით, რომ შეამცირა წნეხი რუსეთზე საერთაშორისო კუთხით და ასევე, ეხმარება არასწორი ნაბიჯებით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, მათ შორის, არასწორი ნაბიჯი იყო საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების იმ ფორმატში შეხვედრა, რა ფორმატშიც შეხვდნენ.

„მათ შორის, ეს დიალოგის შემთხვევაც იყო ამის ერთ-ერთი გამოვლინება. ზოგადად, დიალოგის წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი არ არის დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ როდესაც ეს ხდება გასაიდუმლოებულ ვითარებაში, გაუგებარი არის, საიდან მოდის ინიციატივა, რა საკითხები განიხილება. ეს ყველაფერი ჯამში აძლიერებს რუსეთის ნარატივს, რომ ის არის ძლიერი, საქართველოს აქვს მასთან რაღაც სათხოვარი. საქართველო მას ესაუბრება ისეთ თემებზე, როგორიც არის ავიამიმოსვლა და არა ოკუპაციაზე და მნიშვნელოვან თემებზე. ეს ჯამში საქართველოს, როგორც ქვეყანას და ჩვენს ინტერესებს ძალიან ასუსტებს“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

„ყურადღება მივაქციეთ ნიუ იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ კომენტარში.