სერგი კაპანაძე - ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შევიდა, მთავრობამ ვერ შეძლო პრობლემების მოგვარება და თვითონ იქცა პრობლემად
სერგი კაპანაძე - ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შევიდა, მთავრობამ ვერ შეძლო პრობლემების მოგვარება და თვითონ იქცა პრობლემად

„ქართულ ოცნებაში“ ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომ ოქტომბერში დაიწყებენ 40 მილიონის ხარჯვას. ნათელია, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, არჩევნების წინ ბიუჯეტში შეტანილი ჩვენივე ფული გამოიყენონ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „პანდემიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ თავის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად პრობლემები კი არ მოაგვარა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა“.

„პრობლემა ეხება კონკრეტულად „აწარმოე საქართველოს“, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და რომლის ბიუჯეტი საშუალოდ, 10 მილიონი ლარი იყო, ჩვენ ხშირად გვინახავს, როგორი ტიპის პროექტები ფინანსდებოდა „აწარმოე საქართველოდან“, რომელსაც არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ მოჰქონდა. ამ პროგრამას, რომლის სხვადასხვა ტიპის პრიორიტეტებში გაწერილი იყო ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები, როგორიც არის სასტუმროების კეთილმოწყობა, ტექნიკური აღჭურვა, ამ ყველაფრისთვის 2020 წელს 40 მილიონი ლარი გამოიყო. პანდემიის შემდეგ, ბუნებრივია, ეს თანხა ვერ დაიხარჯებოდა, ვინაიდან ტურისტული სეზონი ჩავარდა. ლოგიკური იყო, რომ პროექტში, რომელშიც ამხელა თანხაა მობილიზებული, რომელიც მიზნობრივად ვერ გაიხარჯა, ეს თანხა გამოყენებულიყო სხვა მიმართულებით, როგორიცაა ჯანდაცვის სფერო, დახმარებების კუთხით. სანაცვლოდ, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ არის შემდეგი, აღნიშნული თანხა კი არ გამოიყენა, განაცხადა, რომ დაიწყებს ამ ფულის ხარჯვას ოქტომბერში. მაშინ, როდესაც ზაფხული უკვე გადავლილია და ამისთვის იყო ეს ორიენტირებული. ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომ ოქტომბერში დაიწყებენ 40 მილიონის ხარჯვას. ნათელია, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, არჩევნების წინ ბიუჯეტში შეტანილი ჩვენივე ფული გამოიყენონ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის. სერგი კაპანაძე „აწარმოე საქართველოზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა.

„ბოლო პერიოდში, ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შევიდა, ეკონომიკური მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა, სწორედ ამის შედეგია, რომ უკვე რამდენიმე თვეა ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ, მთავრობამ ვერ შეძლო პრობლემების მოგვარება და თვითონ იქცა პრობლემად. არჩევნების წინა პერიოდში მათ როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ გამოიყენონ ეს ეკონომიკური კრიზისი და პანდემია, იქნება ეს შეღავათების გაკეთება, ბავშვებისთვის ფულის დარიგება, თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც ხელოვნურად იქნა გადატანილი წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა კაპანაძემ.