სერგი კაპანაძე - „ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ იდეა არის სატყუარა არჩევნების წინ  
სერგი კაპანაძე - „ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ იდეა არის სატყუარა არჩევნების წინ  

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ იდეა ბიძინა ივანიშვილისთვის არის მხოლოდ სატყუარა არჩევნების წინ და ამით უნდა, ხალხი დაარწმუნოს, რომ 2020-ში რაღაც დიდი პროექტს გახსნის და რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს განათლების რეფორმის კუთხით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, პროექტი რომც განხორციელდეს, ეს იქნება უხეში ჩარევა განათლების ბაზარზე.

„რეალურად, კიდეც რომ განახორციელოს თუნდაც ნახევარი იმისა, რაც თქვა, ეს იქნება ძალიან უხეში და არასწორი ფორმით ჩარევა განათლების ბაზარში, რადგან ის აპირებს, რომ ჯერ შექმნას უნივერსიტეტი, ანუ  აპირებს, სტუდენტები წაართვას სხვა უნივერსიტეტებს, ეს ერთი. მეორე – როგორც ჩვენ უკვე დავინახეთ, ის არ აპირებს, ქვეყანაში არსებული კანონიერი სტანდარტებით შექმნას უნივერსიტეტი, მათ შორის გაიაროს ავტორიზაცია და აკრედიტაცია. უნდა, გამონაკლისი ჰქონდეს. ეს არის არასწორი, რადგან კონკურენტულ საგანმანათლებლო ბაზარზე ასეთი კონკურენციის მიღმა არსებული სუბიექტი უბრალოდ ამახინჯებს ბაზარს. მესამე – საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის უნივერსიტეტის შექმნა და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი გზა, კიდევ ერთი ნაბიჯი ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაქმნელად და ეს არ არის კარგი საგანმანათლებლო ბაზრისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინსვლა განათლების კუთხით საგანმანათლებლო ბაზარზე ბევრი კერძო სუბიექტის არსებობაა და არა, მორიგი სახელმწიფო უნივერსიტეტის.

„უბრალოდ, ეს ყველაფერი ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ ესმის, მას უნდა ახლა ითამაშოს თავისი ფულით და მისი პოლიტიკური მიზნები იყოს დაკმაყოფილებული მომდევნო არჩევნებისთვის. ზუსტად იგივეს აკეთებს წყალტუბოში, იგივეს აკეთებს აბასთუმანში, ამიტომ ჩვენი, ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ მისი ეს თამაში შეწყვიტეთ რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუსთან  დაკავშირებით გააკეთა. ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა და მასში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.