სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი არსია, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული და აპირებს დესტაბილიზაციას, ეს მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი არსია, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული და აპირებს დესტაბილიზაციას, ეს მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა

დღეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი არსი არის ის, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული და აპირებს დესტაბილიზაციას. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდეს.

„დღეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი არსი არის ის, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული და აპირებს დესტაბილიზაციას. ეს არის ჩვეულებრივად, თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის. არსებული ოპოზიციური ძალა არანაირ დესტაბილიზაციას არ აპირებს. „ევროპულ საქართველოს“ აქვს ერთადერთი ამოცანა, გარდამტეხი ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში არჩევნების გზით“, – განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის განცხადებით, ოპოზიცია არის გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე „ძალა ერთობაშია“ ამას წარმოაჩენს.

„ეს პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით თავის თავს უწოდებს გაერთიანებულ ოპოზიციას, თორემ ოპოზიცია არის გაცილებით უფრო მრავალფეროვანი, გაცილებით უფრო დიდი და მოიცავს ბევრ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ არის გაერთიანებული მაგ ოპოზიციურ კონგლომერატში, ანუ ცალკეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელშიც არის შესული ბლოკის სახით რამდენიმე სხვა პარტია, მაგრამ მაგის გარდა, კიდევ არსებობს ბევრი სხვა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, პირველ რიგში, „ევროპული საქართველო“ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლებიც არ არიან გაერთიანებული გაერთიანებულ ოპოზიციაში“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, დღეს „არის ორი პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობს, რომ ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას“.

„ეს არის ივანიშვილი, რომელიც არც განიხილავს კოალიციას და სამწუხაროდ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ორივე შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე ამ ძალის პროპაგანდა ერთმანეთს კვებავს. რეალობა არის სრულიად სხვა. რეალობა არის ის, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს ამ ორ პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის გარდამტეხი ცვლილებები იყოს იმ კუთხით, რომ შემდეგი მთავრობა იყოს კოალიციური, მრავალპარტიული, ოღონდ, არც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ერთპიროვნულად აღარ მართავდეს ამ ქვეყანას და ამ მოჯადოებულ წრეზე სიარულს ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი“, – განაცხადა კაპანაძემ.