სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებაში“ უნდა გადაწყვიტონ, ეთანხმებიან შეწყალებებს, თუ გამოძიებას აპირებენ
სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებაში“ უნდა გადაწყვიტონ, ეთანხმებიან შეწყალებებს, თუ გამოძიებას აპირებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ეთანხმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალებებს და კორუფციის ფაქტებზე ხელის დაფარებას გეგმავს, თუ საქმის სერიოზულ გამოძიებას აპირებს.

ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, „ევროპული საქართველო“ რატომ ითხოვს, შეწყალების აქტზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„შეწყალებაზე სერიოზული კითხვები გაჩნდა კორუფციული გარიგების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფორმაციაც მივიღეთ. მთავარ პროკურატურას ერთთვიანი ვადა მივეცით, თუმცა ერთი თვის თავზე პროკურატურამ არაფერი აღმოაჩინა, პრეზიდენტი დაკითხულიც კი არ ჰყავთ. ილუზია არ მქონდა, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, ამ პროცესში პარლამენტი ჩაერთოს. რაც შეეხება აბსურდულ დისკუსიას, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს რაღაც ცუდი ხდებოდა და ამის გამო ახლა კომისია არ უნდა შეიქმნას, ამას არანაირი გამართლება და ლოგიკა არ აქვს. თუ მაშინ ცუდი ხდებოდა, ამ ხელისუფლებას რვა წელი ჰქონდა გამოსაძიებლად და გამოეძიებინათ. ამით კორუფციის გამართლება წარმოუდგენელია. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ეთანხმებიან შეწყალებებს და აპირებენ, კორუფციის ფაქტებს ხელი დააფარონ, თუ აპირებენ, ეს თემა სერიოზულად გამოიძიონ“, – აღნიშნავს კაპანაძე.