სერგი კაპანაძე - ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ
სერგი კაპანაძე - ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ

​„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კერძო სექტორში დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, რადგან როგორც მისი თქმით, რეალურად ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ პარტიულ აქტივს და არ ქმნიან რაიმე დოვლათს.

„ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ დაზარალდება კერძო სექტორი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი.

ბუნებრივია, რა ოდენობით განისაზღვრება ხელფასი, ეს სხვა დისკუსიის საგანია, მაგრამ მაშინ როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ზოგადად ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა პრობლემა, ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ.

ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, პარტიული აქტივი, დასაქმებულია სიპ-ებსა და აიპ-ებში, სწორედ იქ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, მათ შორის ხელფასების შემცირება, მათ შორის დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან და რეალურად დასაქმებულებიც არ არიან, უბრალოდ იღებენ ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილ ფულს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.